V საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი

V საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი

  • მაისი 24, 2026

V საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი

2026 წლის 22-23 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გაიმართა V საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, მიძღვნილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85-ე საიუბილეო თარიღისადმი.

კონგრესი, 22 მაისს, შესავალი სიტყვით მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წელს აკადემიას 85 წელი შეუსრულდა და კონგრესიც სწორედ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა. ამის შემდეგ, სიტყვა დაეთმო ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტს, მეუფე დანიელს (დათუაშვილს). მეუფემ  დამსწრე საზოგადოება და კონგრესში მონაწილე ქართველოლოგები, ახლადარჩეულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის  შიო III-ის ლოცვა-კურთხევით დალოცა.

ამის შემდგომ გაიმართა პლენარული სხდომა, რომელზეც სიტყვით და მოხსენებით – „რუსთველის რელიგიური მსოფლმხედველობა და „ვეფხისტყაოსნის“ ტოლერანტიზმი“ წარსდგა აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე. სიტყვა მოხსენებისთვის ასევე დაეთმო ცნობილ ქართველოლოგს დიდი ბრიტანეთიდან, ქალბატონ თამარ დრაგაძეს. მან მოკლე მიმოხილვა გააკეთა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით. იაპონიიდან „ონლაინ“ ჩაერთო ქართველოლოგი ჰიროტაკე მაედა თავისი მოხსენებით – „არჩილ II ბაგრატიონის პოემის  – „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ – ისტორიული მნიშვნელობის კვლევა“.

კონგრესის პირველ სამუშაო დღეს ჩატარდა პირველი სამეცნიერო სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მეცნიერებმა იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან.

კონგრესის შესახებ მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა ბრძანა: „ის, რომ კონგრესი მეხუთედ ტარდება, მის ტრადიციულობას განსაზღვრავს – იგი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა აკადემიის იუბილე სათანადოდ აღვნიშნოთ ამ კონგრესის ფარგლებში. მოვისმინეთ სხვადასხვა მოხსენებები საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, ენისა და თანამედროვეობის შესახებ. სულ მოსმენილი იქნა 22 მოხსენება, ჩამოსული არიან საუკეთესო ქართველოლოგები, ასე რომ, ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს“.

უფრო ცხადი რომ იყოს, თუ რას ეძღვნება ხსენებული კონგრესი ჩამოვთვლით რამდენიმე მოხსენების თემას. ეს გახლავთ აკადემიკოს ლია მელიქიშვილის მოხსენება – „ძალადობა როგორც სოციალური მოდელი“; თურქი ჰარუნ ჩიმქეს  – „ოჯახი ქართული და თურქული ანდაზების მიხედვით“; პროფესორ პაატა სურგულაძის – „1921 წლის 18 მარტის ქუთაისის ხელშეკრულება და საქართველოს მეორე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“; პროფესორ გივი ღამბაშიძის – „ქართული კულტურის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიაში“; ისრაელიდან პროფესორ კონსტანტინე ლერნერის  – „ბაკურ – „პირმშო“; თათია დოლიძის – „უძველეს რელიგიურ წარმოდგენათა მხატვრული გამოსახვა“ და ა. შ.

კონგრესის მონაწილეებმა დაათვალიერეს ასევე მეცნიერებათა აკადემიის ახლადგახსნილი მუზეუმი, სადაც მათ მეგზურობას აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი და აკადემიის თანამშრომელი ეკატერინე სოხაძე უწევდათ.