U-Th მინერალიზაცია და ბუნებრივი რადიომეტრიული ანომალიები ხრამის კრისტალურ მასივში
- მაისი 1, 2026
მიმდინარე წლის 24 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა სხდომა, რომელზეც გამოტანილი იყო თსუ ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის გიორგი ბერიძის მოხსენება: „U-Th მინერალიზაცია და ბუნებრივი რადიომეტრიული ანომალიები ხრამის კრისტალურ მასივში (სამხრეთ საქართველო)“. მოხსენებაში განხილული იყო ხრამის კრისტალური მასივის ამგები ქანების გავრცელებული რადიაქტიული ელემენტების შემცველი მინერალების, ასევე უშუალოდ ქანებში გავრცელებული რადიაქტიული ელემენტების მიერ გამოსხივებული ბუნებრივი რადიომეტრიული ანომალიები და მათი გავრცელების კანონზომიერებები.
მოგეხსენებათ მასივი აგებულია სხვადასხვა ასაკისა და გენეზისის ქანებით (კამბრიულისწინა გნეისები და მიგმატიტუები, შუა პალეოზოური, ალოქთონური მეტაქვიშაქვებითა და მანტიური სერპენტინიტებით, პალეოზოური გაბროიდებით, შუა-ზედა პალეოზოური გრანიტოიდები და ვულკანოგენურ-დანალექი კომპლექსების ქანებით, ზედა პალეოზოური კვარცპორფირ-გრანიტპორფირები), რომლებშიც დადგენილია სხვადასხვა რადიოაქტიური მინერალი – ცირკონი, ცირტოლითი, ალანიტი, ქსენოტიმი, თორიტი, ბასტნეზიტი, მოლიბდენიტი და შეელიტი.
აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში, საქართველოს სსრ-ს გეოლოგიური სამმართველოს სპეციალიზირებული პარტიის მიერ ხრამის მასივის სამხრეთ პერიფერიაზე ურანის ჰიდროთერმალური გამადნებებისა და რადიოაქტიურ ანომალიებთან დაკავშირებით (დაახლოებით 150 კვ. კმ) სპეციალიზებული სამუშაოები ჩატარდა, რომლის საფუძველზე გამოიყო აღმოსავლეთისა და სამხრეთის ყველაზე პერსპექტიული უბნები.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სამუშაოები მოიცავდა მასივის მხოლოდ 1/3-ს, რაც არ იძლეოდა სრულ წარმოდგენას რადიაციული ანომალიების გავრცელების შესახებ. აგრეთვე მიღებული შედეგები არასაკმარისი იყო მასივის პერსპექტიულობის შეფასებისთვის.
სწორედ, ამ ხარვეზის აღმოფხვრა წარმოადგენდა მიზანს. საველე მარშუტები ჩატარდა მდ. ხრამისა და მისი ყველა შენაკადის (მდ.მდ. კლდეისისწყალი, ჭოჭიანი, ტყემლიანის ხევი, ტარსენი), აგრეთვე მდ. ასლანურას ხეობის გასწრივ; ასევე სოფ. ჩრდილისუბნის, კოხტას, დიდი ხარებას, დიდი და პატარა კლდეისის, მამულოს, ბედიანისა და ივანოვკის გასწვრივ, წალკისა და გომარეთის პლატოებზე. გარდა ამისა კარწახი-მარაბდის სარკინიგზო ხაზის გასწვრივ ხელოვნურად გაჭრილ ტრანშეებში და ინერტული მასალის კარიერებში.
კვლევის პროცესში, აღნიშნულ მინერალებში და ქანებში კონცენტრირებული U-Th და მათი იზოტოპების მიერ გამოსხივებული ბუნებრივი რადიაციების საველე გაზომვები ჩატარდა ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც აღჭურვილია GAGG(Ce) სცინთილაციური დეტექტორით და აერთიანებს რადიომეტრს, დოზიმეტრსა და სპექტრომეტრს, რომლის საშუალებით საველე პირობებში მოხდა საერთო გამა-ფონის გაზომვა; ამის მეშვეობით გამოვლინდა ანომალური რადიოაქტიური უბნები, ხოლო გამა-სპექტრომეტრებით განისაზრვრა გამოსხივების ენერგეტიკული სპექტრი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია U-სა და Th-ს წილების დიფერენცირება (მათთვის დამახასიათებელი პიკებით) და გამდიდრებული უბნების ლოკალიზაცია. პარალელურად, ხდებოდა რადიოაქტიული გამოსხივების ინფორმაციის მატარებელი ტრეკების ავტომატურ რეჟიმში ჩაწერა. მიღებული მონაცემებით შეიქმნა გეომონაცემთა ბაზა და დამუშავდა ArcGIS გეოინფორმაციულ სისტემაში. შემდგომ ეტაპზე განხორციელდა მონაცემთა ინტერპოლაცია, რომლისთვისაც გამოყენებულ იქნა Spatial Analysis-ის მოდული (Spline With Barrier და Kriging მეთოდები), რაც იძლევა რადიაციული მნიშვნელობების სივრცითი განაწილების მოდელირების საშუალებას.
მომხსენბელის თქმით, მოხდა შექმნილი მოდელის გეოლოგიურ რუკაზე ზედდება შემდგომი ინტერპრეტაციებისათვის. აღნიშნული მონაცემები საფუძვლად დაედო რადიაციული რუკის შედგენას.
პარალელურად ხდებოდა ამაღლებული უბნებიდან ნიმუშების აღება შემდგომი გეოქიმიური და მიკროზონდული კვლევებისთვის, რაც საშუალებას იძლევა შემდგომ დადგინდეს მარაგები. სხდომა შეაჯამა თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ნანა ბოლაშვილმა.











