სამეცნიერო მოხსენება
- ივნისი 12, 2026
2026 წლის 9 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა სხდომა თემაზე – „აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლების ისტორიული და პალეოგრაფიული ანალიზი“ (ბოლო წლებში აღმოჩენილი წარწერების მიხედვით); მომხსენებელი – ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლია ახალაძე.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა, ხოლო მოხსენება მიეძღვნა აკადემიის 85 წლის იუბილეს და ისტორიკოსის, პროფესორ ოთარ ჟორდანიას ხსოვნას.
მომხსენებლის თქმით, ეპიგრაფიკული ძეგლები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნაწილს წარმოადგენს და არა მხოლოდ წარსული ეპოქების სოციალურ-პოლიტიკურ და სულიერ ცხოვრებაზე გვაწვდიან ინფორმაციას, არამედ მნიშვნელოვანი წყაროა ენის, რელიგიისა და ხელოვნების, ზოგადად, კულტურის განვითარების შესასწავლად. ეპიგრაფიკული ძეგლების საშუალებით წინარე ეპოქის ადამიანები უხილავ ძაფებს აბამენ თანამედროვეობასთან და ეპოქებს შორის ერთიან კულტურულ ისტორიული განვითარების ჯაჭვს ქმნიან: მოგვითხრობენ ისტორიულ ამბებს, რელიგიურ შეხედულებებს, პირად ემოციებს, წინარე ეპოქის ადამიანთა ცხოვრების, რწმენის, ურთიერთობებისა და კულტურის საიდუმლოს.
ამ კონტექსტში, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების, ისტორიული ძეგლების გაწმენდისა და შემთხვევით მოძიებულ ეპიგრაფიკულ მასალას. რეგიონი, რომელიც არასოდეს გამხდარა სპეციალური საველე-ეპიგრაფიკული კვლევის არეალი და მხოლოდ ცალკეული სამეცნიერო ინტერესებისა და კვლევითი სამუშაოების დროს გამოვლენილ ეპიგრაფიკულ ძეგლებს მოიცავს, მაინც აერთიანებს აფხაზეთის კონფლიქტამდე გამოვლენილ ასამდე წარწერას, რომელთა ერთად თავმოყრა და გაერთიანება 90-იან წლებში განხორციელდა. დღეს ამ წარწერებს, XXI საუკუნის პირველ მეოთხედში აღმოჩენილი რამდენიმე ახალი წარწერა შეემატა.
მოხსენებაში წარმოდგენილი იყო აფხაზეთში, ბოლო წლებში აღმოჩენილი ქართული წარწერები, რომლებიც დაკავშირებულია ბედიის, ღუმურიშის, ანუხვის, საბერიოს სამონასტრო ცენტრებთან და ტაძრებთან. მოცემული იყო წარწერების არქეოგრაფიული აღწერილობა, შესწავლილ იქნა მათი ისტორიულ – წყაროთმცოდნეობითი და პალეოგრაფიული მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა ძეგლის ენაზე, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობაში არ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალება. იგი წარმოადგენს ისტორიული მეხსიერების, კულტურული იდენტობის, მსოფლმხედველობისა და ღირებულებითი სისტემის კონცენტრირებულ გამოხატულებას. ძეგლის ენის შესწავლა გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ წინარე ეპოქების ადამიანი, მისი აზროვნება და ადგილი ისტორიულ პროცესებში. ამდენად, კულტურული მემკვიდრეობის კვლევასა და დაცვაში ძეგლის ენის მნიშვნელობა ფუნდამენტურია და იგი განუყოფელ კომპონენტად უნდა განიხილებოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ოკუპაციის პირობებში რეგიონის მატერიალური კულტურის ძეგლებზე ვერ ხორციელდება საველე ეპიგრაფიკული და ხელოვნებათმცოდნეობითი ხასიათის სამუშაოები, ქართული ეპიგრაფიკის, ხელოვნებისა და კულტურის ისტორიის, განსაკუთრებით ქართული ანბანის მკვლევრები ვერ ახერხებენ ძეგლებზე მუშაობას, ეს მხარე ახალ-ახალ აღმოჩენებს გვთავაზობს და საუკუნეების სიღრმიდან ძველი ქართული წარწერების საშუალებით გვესაუბრება.
სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია.









