მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ეთერ ქემერტელიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
- ივნისი 17, 2026
მიმდინარე წლის 11 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, თბილისისა და საჩხერის საპატიო მოქალაქის, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომა.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ. ვრცელი მოხსენებით ეთერ ქემერტელიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გამოვიდა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ ციციშვილი.
სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: აკადემიკოსები: გიორგი კვესიტაძე, რამაზ გახოკიძე, თამაზ ნატრიაშვილი, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი მალხაზ გეთია, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი შუქრი ჯაფარიძე, ქალაქ საჩხერის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ლია ვეშაპიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან გაბრუაშვილი, საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ ხელმძღვანელი ქეთი ნემსაძე და სხვ.
ეთერ ქემერტელიძე, ცნობილი ფარმაკოქიმიკოსი, აკადემიის ერთ-ერთი უხუცესი წევრია. მან არსებითი წვლილი შეიტანა საქართველოში ფარმაკოქიმიური მეცნიერების განვითარების სფეროში. იგი გახლავთ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი ბუნებრივ ფიზიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა ქიმიის დარგში და საქართველოში ბიოლოგიურად აქტიურ ქიმიური კლასის მცენარეულ ნივთიერებათა კვლევის ფუძემდებელი. მცენარეულ ნივთიერებათა ღრმა ქიმიური, ანალიზური, ბიოლოგიური, ტექნოლოგიური კვლევების საფუძველზე მან შექმნა სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულების 23 ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი.
ეთერ ქემერტელიძე არის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, გამოჩენილი აკადემიკოსების პეტრე მელიქიშვილის, იოველ ქუთათელაძის სახელობის და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშის, ღირსებისა და წმინდა გიორგის ოქროს ორდენებით. იგი 1948 წლიდან დღემდე მოღვაწეობს იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. იგი გახლავთ საქართველოს ქალთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „იალონი“.















