ტურიზმის როლი საქართველოს საზღვრისპირა მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობაში

ტურიზმის როლი საქართველოს საზღვრისპირა მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობაში

  • ივნისი 10, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 27 მაისს, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერმა ნანა კვირკველიამ მოხსენება წაიკითხა თემაზე: „ტურიზმის როლი საქართველოს საზღვრისპირა მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობაში: გეოგრაფიული გამოკვლევა“. პრეზენტაცია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

მოხსენებაში განხილულ იქნა საქართველოს აღმოსავლეთ კავკასიონის საზღვრისპირა რეგიონების (ხევი, ხევსურეთი, თუშეთი) მდგრადი ტურიზმის განვითარების პრობლემები. ხაზი გაესვა ტურიზმის როლს ადგილობრივი თემის სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობაში და მიმოხილულ იქნა ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება ტურიზმის განვითარების პერსპექტივების მიმართ მომავალ 10-წლიან ჭრილში.

კვლევას საფუძვლად უდევს აღნიშნულ მხარეებში განხორციელებული ექსპედიციები, რომელთა ფარგლებშიც ჩატარდა ფოკუს-ჯგუფების საველე ინტერვიუირება. შეიქმნა მონაცემთა ბაზა და მოხდა მონაცემთა ვიზუალიზაცია რუკებისა და დიაგრამების სახით. იდენტიფიცირდა მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელისშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები. შემუშავდა  რეკომენდაციები.

კვლევას აქტუალობას სძენს საზღვრის უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ ზონაში დასახლებების დაცარიელებასა და დარჩენილი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის სტაგნაციასთან. კვლევის შედეგად გამოვლინდა ეკონომიკის რევიტალიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების საჭიროება. ამ მხრივ ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვს ტურიზმს, რომლის ბუნებრივი და ანთროპოგენური რესურსული პოტენციალი უმნიშვნელოვანესია.

მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია.