აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი
- დეკემბერი 16, 2025
2025 წლის 11-13 დეკემბერს, საქმიანი ვიზიტით თბილისს ეწვია აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ჩინეთის უმაღლესი კატეგორიის ეროვნული ტალანტი, აკადემიკოსი, გეოფიზიკის დოქტორი, პროფესორი, „West Lake Friendship Award“-ის ლაურეატი, ჩინეთის ჟეჯიანის პროვინციის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი (უცხოელი წევრებისთვის) ელჩინ ხალილოვი, რომელიც 11 დეკემბერს შეხვდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე და აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა. საუბარი შეეხო აზიის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე სამეცნიერო მოვლენებს. ელჩინ ხალილოვმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობას დეტალურად გააცნო აზიის მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურა, მისი მიზნები და ამოცანები.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 12 აგვისტოს, ჩინეთში, პირველად, ოფიციალურად, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსით დარეგისტრირდა აზიის მეცნიერებათა აკადემია (Asian Academy of Sciences), რომლის შტაბ-ბინაც ჰონგ-კონგში მდებარეობს. აღნიშნული აკადემიის წევრად სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
12 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და აზიის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს პრიორიტეტულ მიმართულებებში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განვითარებას, რომლებიც წარმოადგენს ორმხრივ ინტერესს; მეცნიერების, მკვლევრების, პროფესორებისა და ასპირანტების გაცვლას; ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას: სიმპოზიუმები, კონფერენციები, სემინარები და სამუშაო ჯგუფები; სამეცნიერო ინფორმაციის, პუბლიკაციების, მასალებისა და მონაცემების გაცვლას; ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, პროექტების შემუშავებას და განხორციელებას; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წვლილისათვის ხელშეწყობას; ერთობლივი ანალიტიკური ანგარიშების, სამეცნიერო პროგნოზებისა და რეკომენდაციების მომზადებას სახელმწიფო უწყებებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
მემორანდუმს ქართული მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ხოლო აზიის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან აკადემიკოსმა ელჩინ ხალილოვმა.
ამის შემდგომ, დრო დაეთმო მოხსენებას – „აბრეშუმის გზის კასპიის ზღვის მარშრუტი, ისტორიულ-გეოგრაფიული ასპექტები“ – რომელიც წარმოადგინა ფილოსოფიის დოქტორმა, აზიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა თამილა ხალილოვამ.
სხდომის დასასრულს აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ელჩინ ხალილოვმა თანამშრომლობისთვის ჩინეთში მიიწვია ქართველი მეცნიერები და დიდი სურვილი გამოთქვა ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.










