აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი – 130

აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი – 130

  • დეკემბერი 16, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 11 დეკემბერს, გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. ვრცელი მოხსენება აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ წაიკითხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი ჭეიშვილმა. გამომსვლელები ასევე იყვნენ პროფესორები: ვახტანგ გოილაძე და ოთარ ჯანელიძე.

ნიკო ბერძენიშვილი დაიბადა 1895 წლის 8 იანვარს ჩოხატაურის მაზრის სოფ. გოგოლესუბანში, გურული გლეხის – ალექსანდე ბერძენიშვილისა და პელაგია შარაშიძის ოჯახში. მისმა ბავშვობამ რევოლუციურ გურიაში გაიარა და ამ მღელვარე შთაბეჭდილებებმა დიდი როლი ითამაშა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

სანიმუშოა ნიკო ბერძენიშვილის მიერ გამოცემული წყაროები: “დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან”, “მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის”, “ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში“, „ისტორიული დოკუმენტები საქართველოს ებრაელთა შესახებ“ და სხვა.

განუზომლად დიდია მისი წვლილი ისტორიული გეოგრაფიის განვითარების საქმეში. თანამედროვეთა და მოსწავლეთა მოწმობით, არავის შეეძლო ისე კარგად აემეტყველებინა ნანგრევები და ჩაეყენებინა ისინი საქართველოს ისტორიის სამსახურში, როგორც ნიკო ბერძენიშვილს. ნიკო ბერძენიშვილის დამსახურებაა ისტორიული გეოგრაფიის საგნის განსაზღვრა (ქვეყანათა ისტორია-ევოლუცია), გარკვეული პერიოდების გამოყოფა (გორაები, ხევენი, საციხისთავო ქვეყნები, საქალაქო ქვეყნები), პოლიტიკურ გეოგრაფიასთან ერთად ეკონომ-გეოგრაფიული (მთისა და ბარის ურთიერთობა, გზები…), სოციალური გეოგრაფიის და ეთნიკური გეოგრაფიის საკითხების შესწავლა. ნიკო ბერძენიშვილი სამართლიანად ითვლება საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის, ფუძემდებელი.