აკადემიკოსი ვასილ ჩანტლაძე – 120

აკადემიკოსი ვასილ ჩანტლაძე – 120

  • დეკემბერი 24, 2025

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი მეცნიერის, ეკონომისტის, აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით, აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა. მოხსენება აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წარმოადგინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ფინანსების და საბანკო საქმის კათედრის გამგემ, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ. სიტყვით გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ პროფესორები: ნოდარ ბაგრატიონი, მერაბ კაკულია, გიორგი ღაღანიძე, ელგუჯა მექვაბიშვილი; აკადემიკოსები: ავთანდილ სილაგაძე და მიხეილ ჯიბუტი.

აკადემიკოსი ვასილ ჩანტლაძე 1904 წლის 26 დეკემბერს (ახ. სტილით 1905 წლის 8 იანვარს) დაიბადა ქალაქ ზესტაფონში, შრომისმოყვარე და განათლებით გამორჩეულ გიორგი ჩანტლაძისა და ოლღა თურმანიძის ოჯახში.

საშუალო განათლება ვასილმა თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში მიიღო – იმდროინდელ საქართველოში განათლების კლასიკურ კერაში. 1923 წელს კი სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ–ეკონომიკურ ფაკულ­ტეტზე, ფინანსების სპეციალობით. სტუდენტურმა წლებმა მას გაუხსნეს გზა მეცნიერების სამყაროში. უნივერსიტეტში სწავლა არაფრით ჰგავდა ჩვეულებრივ აკადემიურ პროცესს –  იგი ესწრებოდა ისეთი მასშტაბის მეცნიერების ლექციებს, როგო­რებიც იყვნენ ივანე ჯავახიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გიორგი გეხტმანი, შალვა ნუცუბიძე, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი და სხვანი.

ვასილ ჩანტლაძე იმ პირველი თაობის ნაწილი იყო, რომელიც ახლადდაარსებულ ქართულ უნივერსიტეტში აღიზარდა და რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული ეკონომიკური მეცნიერების  სკოლას.

1974 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად, 1979 წელს კი – აკადემიის ნამდვილ წევრად. მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდებაც.

ვასილ ჩანტლაძის სამეცნიერო მემკვიდრეობა მრავალტომიანი ქართული გონებრივი საგანძურია. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: „შოთა რუსთველის ეკონომიკური შეხედულებანი“ (1993), „ფინანსების თეორიის საკითხები“ (1980), „ფულის, კრედიტისა და ფინანსების ისტორია“ (1977), „კაპიტალისტური სახელმწიფოთა ფინანსური სისტემები“ (1976), „ფინანსები რეფორმამდელ აღმოსავლეთ საქართველოში (1801–1864)“ (1975), „სულხან–საბა ორბელიანის ეკონომიკური შეხედულებანი“ (1959), სტატია „ქართული ეკონომიკური აზრი ვეფხისტყაოსანში“ („ცისკარი“, 1969) და მრავალი სხვა.

იგი ასევე იყო ერთ-ერთი აქტიური მონაწილე საქართველოს ეროვნული ვალუტის სახელდების პროცესში.

ვასილ ჩანტლაძეს ორიგინალური განმარტებები აქვს მოცემული ფინანსური მეცნიერების საგნის მეთოდისა და ამოცანების შესახებ; მან მოგვცა ფულისა და ფინანსების ორიგინალური დასაბუთება და ახსნა, თუ რა შემთხვევაში იქცევა ფული ფინანსებად.

მის ნაშრომში „ფინანსების თეორიის საკითხები“ წარმოდგენილი კვლევა გახდა არა მხოლოდ ქართველი, არამედ საერთაშორისო ეკონომიკური აზრის საგნის ნაწილი. წიგნი ითარგმნა რამდენიმე ენაზე, მათ შორის ჩინურადაც და მილიონობით ტირაჟით გავრცელდა. ეს არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი ქართული ეკონომიკური აზრის გამარჯვება იყო.

ვასილ ჩანტლაძე განსაკუთრებულ პატივს იმსახურებს იმითაც, რომ მან ქართული ლიტერატურული კლასიკის სიღრმეში აღმოაჩინა ეკონომიკური სიბრძნე. „ვეფხის­ტყაოსნის“ ეკონომიკური შრეების მისი ანალიზი დღესაც უნიკალური მოვლენაა ქართულ ჰუმანიტარისტიკაში.

იგი პირველი იყო, ვინც სულხან-საბა ორბელიანის ეკონომიკური აზრი მსოფლიო ეკონომიკური თეორიების ფონზე განიხილა, რის საფუძველზეც პოლიტეკონომიკურ ენციკლოპედიაშიც კი განთავსდა ორბელიანის როგორც ფიზიოკრატიული მიმდინა­რეობის წინამორბედის სახელი.

მან ასევე გაანათა ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილისა და სხვა დიდებულთა ფინანსურ–ეკონომიკური ნააზრევი.

ვასილ ჩანტლაძემ დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკური ტერმინოლოგიის დამკვიდრებაში. თავის დიდ და ერთგულ მეგობართან, თანამებრძოლთან აკადემიკოს პაატა გუგუშვილთან ერთად  ფასდაუდებელია მისი ღვაწლი რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ეკონომიკის ტერმინოლოგიის შედგენაში.

მეცნიერული–პედაგოგიური საქმიანობა მის მოღვაწეობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა: მისი ხელმძღვანელობით 40–ზე მეტმა ახალგაზრდა მეცნიერმა დაიცვა დისერტაცია, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, ვიეტნამიდან.

იგი იყო მართალი, კეთილშობილი, პრინციპული, მაღალი კულტურის მატარებელი პიროვნება – ქართული სამეცნიერო სამყაროს ღირსეული წარმომადგენელი და დამცველი. მის ცხოვრებაში ორგანულად შეერწყა სიღრმისეული მეცნიერული აზროვნება და დიდი ადამიანური ღირსება. სწორედ ასეთი ერთიანობა ქმნის იმ სახეობას, რომელსაც საზოგადოება არასდროს ივიწყებს.

დღევანდელი და მომავალი თაობა მადლიერებით მოიხსენიებს მის სახელს. ამიტომაც აქვს დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აუდიტორია, რომელიც მის სახელს ატარებს. აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის სახელს დავიწყება არ უწერია.

აღსანიშნავია, რომ აკადემიკოსი ვასილ ჩანტლაძე გამოჩენილი და ძალიან ცნობილი, ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობის თენგიზ ჩანტლაძის მამა იყო, ამიტომ, სხდომას თან სდევდა ამ ოჯახისთვის ჩვეული იუმორი. სხდომის დასასრულს, მოგონებებით გამოვიდნენ ვასილ ჩანტლაძის ოჯახის წევრები.