აკადემიკოსი ვლადიმერ მენაბდე – 130
- თებერვალი 2, 2026
მიმდინარე წლის 28 იანვარს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა სმეცნიერო სესია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კულტურული ფლორის მოამაგის, ღვაწლმოსილი მეცნიერის და პიროვნების აკადემიკოს ვლადიმერ მენაბდის დაბადებიდან 130 წლისთავს.
სესიის მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, ვლ. მენაბდის მოწაფეები, მკვლევრები სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ საქართველოს კულტურული ფლორის შესწავლას და წარმოაჩენენ მის მრავალფეროვან ასპექტებს.
მოხსენება აკადემიკოს ვლადიმერ მენაბდის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ გააკეთა აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა. მან აღნიშნა, რომ, სესია ეხმაურება მნიშვნელოვან ფაქტს – 2025 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.
ეს საქართველოს უძველესი სამიწათმოქმედო კულტურის, ხალხური სელექციის, ხორბალსა და პურთან დაკავშირებული საერო და საეკლესიო ტრადიციებისა და რიტუალების აღიარება და ამასთან მისი სიცოცხლისუნარიანობის დაცვისა და განვითარების ვალდებულებაა.
დიდია ამაში ქართველი მეცნიერების, პირველ რიგში აკად. ვლ. მენაბდის, აკად წევრ-კორესპონდენტის ლ. დეკაპრელევიჩის, აკად. ნ.კეცხოველის, აკად. გ. ჩიტაიას, ეთნოლოგების, ეთნობოტანიკოსების და სხვათა გამოკვლევების როლი.
აკადემიკოსი ვლადიმერ მენაბდე კულტურული ფლორის შესწავლას იწყებს 1923 წელს თბილისის ბოტანიკური ბაღის სელექციის განყოფილებაში, რომლის საფუძველზეც 1930 წელს შეიქმნა საქართველოს ცენტრალური სელექციის სადგური. ექსპედიციური გამოკვლევის საფუძველზე შეაგროვა მდიდარი კოლექცია და გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი: “მასალები აღმოსავლეთ საქართველოს პურეულ მცენარეთა გეოგრაფიის შესასწავლად მათ ზონალობასთან დაკავშირებით”, რომელმაც იმთავითვე მიიპყრო დიდი ყურადღება და ფართოდ იქნა გამოყენებული ი. ჯავახიშვილის, ნ. ვავილოვის და სხვათა შრომებში.
1934 წლიდან ის ხელმძღვანელობს თავთავიან პურეულთა სელექციის ჯგუფს. მის მიერ გამოყვანილია ხორბლის 5 და ქერის ერთი ჯიში, რომლებიც დანერგილ იქნა წარმოებაში.
ბატონი ვლადიმერი 1938 წელს მუშაობას იწყებს ბოტანიკის ინსტიტუტში და ახდენს კულტურული ფლორის განყოფილების ორგანიზებას და განსაზღვრავს კვლევის მიმართულებებს. იმავდროულად გახლავთ ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. ის ხელმძღვანელობს კულტურული ფლორის განყოფილებას გარდაცვალებამდე.
უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეულია მის მიერ ხორბლისა და ღომის ახალი სახეობების დადგენა, რომლებიც ატარებენ მის სახელს: Triticum macha Dek. Et Men., Triticum paleo-cochicum Men., T. chaldicum Men., Triticum zhukowskyi Men. Et Eritz., Setaria kezchoveli Men.
აკადემიკოს ვლადიმერ მენაბდის გამოკვლევებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ მხოლოდ ქართულ ხორბალთა შორის არის შემორჩენილი და დაცული ისეთი სახეობები – მახა, ძველი კოლხური ასლი და ზანდური, რომლებიც ევოლუციურად ახლოსაა მის ველურ სახეობებთან. მანვე დაადგინა ამ ხორბლების არსებობა ენოლითური ხანის საქართველოში არქეოლოგიური გათხრებით მოვებული მასალებიდან. ვლ. მენაბდემ დაადასტურა, რომ საქართველო ხორბლის კულტურის უძველესი კერაა; შეიმუშავა ხორბლის გენეზისის სქემა, სადაც სრულად ასახა ქართული ხორბლის როლი და ადგილი ამ მცენარის გაკულტურების პროცესში.
ვლადიმერ მენაბდის ხელმძღვანელობით კულტურული ფლორის განყოფილების მიერ გამოქვეყნებულ იქნა მეტად ღირებული 250-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მიღებულია საავტორო მოწმობები და სხვ.
სესიაზე წარმოდგენილ იქნა მოხსენებები:
- „თბილისის ბოტანიკური ბაღი და სელექციის კაბინეტის პირველი პლეადა“ – პროფესორი ირინე დანელია;
- „ვაზისა და ხორბლის კულტურა საქართველოში“ – პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ლევან უჯმაჯურიძე;
- „ეთნობოტანიკური კვლევების შესახებ საქართველოში“ – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ინეზა მაისაია;
- „ფეტვი ყოფასა და ხალხურ მედიცინაში“ – პროფესორი მარინა მოსულიშვილი;
- „ღომი ყოფასა და ხალხურ მედიცინაში“ – პროფესორი დალილა ცატავა.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: აკადემიკოსებმა გიორგი კვესიტაძემ და სოლომონ პავლიაშვილმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ელდარ ნადირაძემ, პროფესორებმა შ. სიხარულიძემ და ც. სამადაშვილმა, მეცნიერების დოქტორმა ც. მიქატაძე-ფანცულაიამ და სხვებმა. სხდომას ესწრებოდნენ ლეონარდე დეკაპრელევიჩის შვილიშვილები. მისმა შვილიშვილმა, ლეონარდე დეკაპრელევიჩმა გაიხსენა ბაბუა, მისი მოღვაწეობა და ღვაწლი ქართული პოლიმორფული ხორბლების შესწავლაში.














