აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე – 95
- თებერვალი 8, 2026
მიმდინარე წლის 6 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი მეცნიერის, აკადემიკოს ნანა ხაზარაძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა. სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. ვრცელი მოხსენება აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა წაიკითხა. გამომსვლელთა შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანა ბახსოლიანი, საქართველოს ქალთა აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან გაბრუაშვილი, პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ელდარ ნადირაძე.
ნანა ხაზარაძე 1931 წლის 4 თებერვალს, თბილისში, ცნობილი ექიმის ოჯახში დაიბადა. მისი კვლევა-ძიებათა არეალი ურთულესი პრობლემატიკის შემცველია. ეს გახლავთ ძველი კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ეთნოსების გენეზისის, ამავე რეგიონის ისტორიული გეოგრაფიის ძველაღმოსავლური დამწერლობებისა და ენის, ეკონომიკის და სოციალური ურთიერთობების, რწმენა-წარმოდგენების და კულტურის სხვადასხვა პრობლემატიკა, საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური ტერმინები, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია, წმიდა ხის კულტი საქართველოში, ხეთურ-ქართული მითოლოგიური პარალელები, გვიანხეთური ხანის სამეფო – სამთავროები, ბიბლია და ქართველი ხალხის განსახლების ისტორია, თაბალის ისტორია და სხვა საკითხები.
სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად ნანა ხაზარაძე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. მისი თაოსნობით, 1990 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრა დაარსდა. ქალბატონი ნანა იყო სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელი და ოპონენტი. მას გაზრდილი ჰყავს 30-ზე მეტი მეცნიერების დოქტორი, კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. იგი იყო არაერთი სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, მრავალი მონოგრაფიის, სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და რეცენზენტი. ნანა ხაზარაძე იყო საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრი, საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, ასევე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექვთიმე თაყაიშვილის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე და სხვ.
ნანა ხაზარაძეს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია, ღირსების ორდენი, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს კულტურის ფონდის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია და ბრინჯაოს მედალიონი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საპატიო სიგელი საზოგადოებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მრავალი სხვა.
ნანა ხაზარაძე იყო 300-მდე სხვადასხვაენოვანი სამეცნიერო ნაშრომის, 15 წიგნის, უმაღლესი სასწავლებლებისათვის განკუთვნილი 6 სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.
ნანა ხაზარაძემ ფართოდ ერუდირებულმა, ჭეშმარიტად შემოქმედებითმა, ბრწყინვალე ორატორული ნიჭით დაჯილდოებულმა მეცნიერმა, მნიშნელოვანი კვალი დატოვა ქართველოლოგიაში. იგი გამორჩეული ადამიანური თვისებების მქონე გულთბილი, გულღია, მართალი, სიკეთის და ქველმოქმედების მაძიებელი, ქვეყნის ერთგული მოქალაქე, ნამდვილი ინტელიგენტი ქალბატონი ბრძანდებოდა. მან ამ მშვენიერ და კურთხეულ მიწაზე, სამშობლოს სამსახურში თავისი კუთვნილი გზა ღირსეულად განვლო.
ნანა ხაზარაძე 2019 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა, მისი ნათელი ხსოვნა მარად დარჩება კოლეგების, მეგობრების და ახლობლების გულში.











