კონკურსი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემიის მოსაპოვებლად
- მარტი 23, 2026
სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს, აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა და წარმატებულ მეცნიერთათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემიის მოსაპოვებლად:
- მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება – ევგენი ხარაძის სახელობის პრემია (ფიზიკისა და ასტროფიზიკის დარგში)
- დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია (გეოლოგიის დარგში)
- საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება – გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია (ტექნიკის დარგში)
- ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება – რაფიელ აგლაძის სახელობის პრემია (ქიმიური ტექნოლოგიის დარგში)
- ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება – სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია (ბიოქიმიის დარგში)
- ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილება – ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის პრემია (ადამიანის ანატომიის, მორფოლოგიის, ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის დარგში)
- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება – ლეონარდე დეკაპრელევიჩის სახელობის პრემია (კულტურულ მცენარეთა გენეტიკასა და სელექციის დარგში)
- საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება – გიორგი მელიქიშვილის სახელობის პრემია (ძველი ისტორიის დარგში)
- ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება – აკაკი შანიძის სახელობის პრემია (ქართული ენისა და ფილოლოგიის დარგში)
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემიის (შემდგომში – პრემია) მოსაპოვებლად ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, მისი ასაკი კონკურსის გამოცხადებისას არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს.
ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარადგინონ სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა, სამეცნიერო საზოგადოებებმა, სამეცნიერო ცენტრებმა ან შესაბამისი დარგის წამყვანმა მეცნიერებმა და სპეციალისტებმა. იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრემიის მოსაპოვებლად წარადგენენ კანდიდატს, უნდა მიუთითონ პრემიის დასახელება.
ერთსა და იმავე პირს, ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიენიჭება.
კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს კანდიდატის სამეცნიერო მიღწევების დახასიათებას;
ბ) მონაცემები კანდიდატის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV);
გ) დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ასლი);
დ) ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები (მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომა ან შრომათა ციკლი);
ე) საერთაშორისო და ეროვნულ საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
ვ) საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
ზ) სტიპენდიების დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
თ) საკონკურსოდ წარმოდგენილი დოკუმენტების ელექტრონული ვერსია.
მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს 2026 წლის 23 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ. N 52, ოთახი 320. საბუთები მიიღება ყოველი სამუშაო დღის 1100-დან 1700 საათამდე.
პრემიით დაჯილდოებულ ახალგაზრდა და წარმატებულ მეცნიერს გადაეცემა დაწესებული ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით და დიპლომი.
საკონტაქტო ტელეფონი: 2-99-00-52
