ეპოქა, სახელად ,,ეთერ ქემერტელიძე“ – ქართული ფარმაკოქიმიის დიდოსტატის 100 წლისთავი
- მარტი 23, 2026
ქართული მეცნიერების ისტორიაში არსებობენ პიროვნებები, რომელთა ღვაწლიც დროს უძლებს და მომავალ თაობებს გზამკვლევად რჩებათ. წელს ქართული სამეცნიერო საზოგადოება განსაკუთრებული სიამაყითა და მოწიწებით აღნიშნავს გამორჩეული მეცნიერის, ფარმაკოქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის დაბადებიდან 100 წლისთავს.
ეს არ არის მხოლოდ ერთი მეცნიერის იუბილე – ეს არის იმ ეპოქის აღიარება, რომელმაც საქართველო მსოფლიო ფარმაკოქიმიის რუკაზე დაამკვიდრა.
საქმისადმი უსაზღვრო თავდადება, ენთუზიაზმი, ღრმა ცოდნა, მეცნიერული შედეგების პრაქტიკულ რეალიზაციამდე მიყვანისა და კვლევებში ახალგაზრდობის ჩაბმის უნარი, დარგის განვითარების პერსპექტივების მკაფიოდ გამოხატული ხედვა, ამაღლებული ბუნება, კეთილშობილება და უბრალოება – აი ეთერ ქემერტელიძისათვის დამახასიათებელი თვისებების არასრული ჩამონათვალი.
ეთერ ქემერტელიძე დაიბადა 1926 წელის 23 მარტს დაბა საჩხერეში, ცნობილი ექიმის ოჯახში. მისი ცხოვრება თავიდანვე დაუკავშირდა მედიცინისა და ქიმიის საზღვარზე არსებულ რთულ სფეროს – ფარმაკოქიმიას. მან 1946 წელს ბრწყინვალედ დაასრულა თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი, შემდგომ – თბილისის სამეცნიერო კვლევითი ქიმიურ-ფარმაცევტული ინსტიტუტის ასპირანტურა, რასაც მოჰყვა ათწლეულების განმავლობაში დაუღალავი შრომა იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. ეთერ ქემერტელიძე იმთავითვე აქტიურად ჩაება ინსტიტუტის საქმიანობაში, რომლის ძირითადი მიმართულება საქართველოს ბუნებრივი რესურსების შესწავლა და სამკურნალო პრეპარატების შექმნა იყო.
შთამბეჭდავი გახლდათ მისი სამსახურებრივი წინსვლა – 1953 წელს – საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. 1977 წელს პროფესორის წოდება, 1981 წელს კი – საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა. 1979 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1993 წელს კი ნამდვილ წევრად – აკადემიკოსად აირჩიეს. ამასთან, 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციის მედიკო-ტექნიკური აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსია.
1972 წლის აპრილიდან 2005 წლის ნოემბრამდე – 34 წლის განმავლობაში ეთერ ქემერტელიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორია. ქალბატონი ეთერი ბრძანდება საქართველოში ფარმაცევტული განათლებისა და ფარმაკოქიმიური მეცნიერების დამაარსებლის, აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის ერთ-ერთი სახელმოხვეჭილი თანამგზავრი, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა თავისი მოძღვრის გზა და თავადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფარმაკოქიმიური მეცნიერების განვითარებასა და მისი ახალი თანამედროვე მიმართულებების ჩამოყალიბებაში. დიდი სამეცნიერო-ორგანიზაციული მუშაობის შედეგად ეთერ ქემერტელიძემ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი საერთაშორისო დონის დაწესებულებად აქცია და მეცნიერული კვლევის შედეგებით დამსახურებულად მოუპოვა საყოველთაო აღიარება და ავტორიტეტი. ეთერ ქემერტელიძის სახელთანაა დაკავშირებული ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერული კვლევების შემდგომი განვითარება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება.
ეთერ ქემერტელიძის მთავარი დამსახურება ბუნებრივი ნაერთების ქიმიის განვითარებაა. მან დაადგინა, რომ საქართველოს უნიკალური ფლორა არის ამოუწურავი რესურსი მაღალეფექტური სამკურნალო საშუალებების შესაქმნელად. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა და წარმოებაში დაინერგა ათეულობით ორიგინალური პრეპარატი, რომლებიც სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის სამკურნალოდ გამოიყენება. ეს პრეპარატები ეფუძნება ქართული ფლორის მდიდარ რესურსს და ხასიათდება კომპლექსური მოქმედებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული და პოლიფაქტორული დაავადებების დროს. მის მიერ შექმნილი ფიტოპრეპარატები უვნებელია და გამოირჩევა მაღალი თერაპიული ეფექტით. ეთერ ქემერტელიძის სახელს უკავშირდება ისეთი პრეპარატების შექმნა, რომლებიც წარმატებით გამოიყენება კარდიოლოგიაში, ენდოკრინოლოგიასა და ნევროლოგიაში. მან საფუძველი ჩაუყარა სტეროიდული ნაერთების შესწავლას, რამაც რევოლუცია მოახდინა ადგილობრივ ფარმაცევტულ წარმოებაში. ეთერ ქემერტელიძემ კომპლექსური კვლევებით დაადგინა მცენარეთა ცალკეულ ოჯახებსა და გვარებში ნივთიერებათა ბიოსინთეზის კანონზომიერებანი, ურთიერთდამოკიდებულება ნივთიერების ქიმიურ სტრუქტურასა და ბიოლოგიურ აქტივობას შორის.
კვლევის შედეგად გამოვლენილია საგულე გლიკოზიდების, სტეროიდული და ტრიტერპენული საპონინების, ფლავონოიდების, კუმარინების, ანტრაქინონების, ლიპიდების, ლიგნანების, ტერპენოიდების შემცველი მანამდე უცნობი რამდენიმე ასეული მცენარე. დადგენილია მათი მოქმედი საწყისი შედგენილობა და აღნაგობა. მან გაამდიდრა ბუნებრივ ნივთიერებათა არსენალი რამდენიმე ათეული სტრუქტურულად ახალი ნივთიერებით. ნაყოფიერია ეთერ ქემერტელიძის მეცნიერული მოღვაწეობა მცენარეულ ნივთიერებათა ქიმიური ანალიზისა და ტექნოლოგიების სფეროშიც. მისი ხელმძღვანელობით შექმნილია მრავალი სამკურნალო საშუალება, რომელთა უმრავლესობა დანერგილია ქიმიურ-ფარმაცევტულ მრეწველობაში და ფართოდ გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში.
აკადემიკოსი ქემერტელიძე არ გახლავთ მხოლოდ მკვლევარი; ის დიდი მოძღვარია – მან აღზარდა მეცნიერთა მთელი პლეადა – ათობით მეცნიერებათა დოქტორი თუ კანდიდატი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ეთერ ქემერტელიძემ მოწაფეებთან ერთად გამოავლინა საინტერესო ქიმიური შემადგენლობისა და ბიოლოგიური ეფექტურობის მქონე მრავალი მცენარე. გამოყო და დაახასიათა 3000-მდე ინდივიდუალური კომპონენტი, მათ შორის, 360-მდე ახალი, მანამდე უცნობი აღნაგობის ბუნებრივი ორგანული ნივთიერება.
მოწაფეებთან ერთად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პეტრე მელიქიშვილისა და იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემიები.
აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ ღრმა ქიმიური, ბიოლოგიური, ანალიზური, ტექნოლოგიური კვლევების საფუძველზე შექმნა სხვადასხვა დანიშნულების 25 ორიგინალური პრეპარატი, ბიოქიმიური რეაქტივი, სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების სინთეზის ნედლეული, სოფლის მეურნეობის კულტურების ზრდა-განვითარების სტიმულატორი, რომლებიც ნებადართულია პრაქტიკული გამოყენებისთვის.
ეთერ ქემერტელიძე აქტიურად თანამშრომლობდა და დღესაც განაგრძობს თანამშრომლობას საფრანგეთის, ბელგიის, ჰოლანდიის, იტალიის, საბერძნეთის, კანადის, ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, იაპონიის, ჩინეთის, რუსეთის, უზბეკეთისა და სხვა ქვეყნების წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან.
ეთერ ქემერტელიძის თაოსნობით ინსტიტუტში გეგმაზომიერად ფართოვდებოდა სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო. გაღრმავდა კვლევები ფარმაკობოტანიკის, ანალიზური ქიმიის, ტექნოლოგიის მიმართულებით. 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა სამკურნალო ფერმენტოლოგიის და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიები, ექსპერიმენტული და კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილება, ინსტიტუტის სამკურნალო მცენარეთა საცდელი სადგურები, დაარსდა სტეროიდულ ნივთიერებათა სინთეზის განყოფილება. 1979 წლიდან ინსტიტუტში ფუნქციონირებდა ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპიის რესპუბლიკური ცენტრი, სადაც ტარდებოდა კვლევები როგორც ინსტიტუტში გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების, ასევე ქართველი ქიმიკოსების მიერ მიღებული ორგანული და არაორგანული ნივთიერებების სტრუქტურაზე.
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში შეიქმნა კომპლექსური სისტემა პერსპექტიული სამკურნალო მცენარეებისა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ძიებიდან დაწყებული – სამკურნალო საშუალებათა შექმნითა და წარმოებით დამთავრებული, ყველა საჭირო სამეცნიერო ქვედანაყოფებითა და საწარმოო-ექსპერიმენტული ბაზებით.
აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე და მისი თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. თავის მხრივ, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე იმართება ფრიად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები – საერთაშორისო სიმპოზიუმები და კონფერენციები სტეროიდების, ფენოლურ ნივთიერებათა, ნახშირწყლების, ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიის, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და სამკურნალო პრეპარატების კვლევების მიმართულებით, აგრეთვე ფარმაკოთერაპიისა თუ იმუნოფარმაკოლოგიის სფეროში.
აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე თავისი საქმიანობის მასშტაბებით საერთაშორისო მნიშვნელობის პიროვნებაა არამარტო როგორც მეცნიერი, არამედ როგორც საზოგადო მოღვაწე. იგი გახლდათ ოთხი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის, საკავშირო სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის, სსრ კავშირის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის ექვსი სხვადასხვა სამეცნიერო, საპრობლემო საბჭოს წევრი. არჩეულ იყო სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს მე-11 მოწვევის დეპუტატად; სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ; საბჭოთა კავშირ – საფრანგეთის საპარლამენტო კომისიის წევრად. მუშაობდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კომისაში ქალთა კომიტეტიდან. 1978 წელს იგი, როგორც გამოჩენილი მეცნიერი, ლექციების წასაკითხად მიიწვია უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიამ.
1992 წელს ინსტიტუტს ეწვია ამერიკის საინვესტიციო კომპანიის OPIC-ის დელეგაცია. მათ თავის მემორანდუმში ჩაწერეს: ,,ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი ერთობლივი წარმოებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია, ხოლო დირექტორი ეთერ ქემერტელიძე – ყველაზე მოაზროვნე ხელმძღვანელია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივართ. მისი პოზიცია დარგის განვითარებისა და საქართველოს მომავლისათვის აბსოლუტურად ნათელია”.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში ქალბატონმა ეთერმა ჩამოაყალიბა მიმართულება ,,ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმია და სამკურნალო პრეპარატების ექსპერტიზა“, ხოლო წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დააარსა ფარმაციის და ტრადიციული მედიცინის ფაკულტეტი, სადაც იგი განათლების სამივე დონეზე ხელმძღვანელობს კადრების მომზადებას.
ეთერ ქემერტელიძე დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშის, ღირსების ორდენებით; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით, შრომის ვეტერანის და ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის მედლებით. ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო კოლეგიის ოქროს ფირფიტით, როგორც 1997 წლის გამორჩეული მეცნიერი მცენარეთა ქიმიის მეცნიერებათა დარგში; ინგლისის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მედლით, 1900-2000 საუკუნის პიროვნება” – XX საუკუნეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის. საერთაშორისო ფონდის ,,მეცნიერული პარტნიორობა“ საპატიო ნიშნის მედლით; ეთერ ქემერტელიძეს მიღებული აქვს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ორდენი. არის საჩხერისა და ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე.
აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორია, ასევეა თსსუ იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სტეროიდულ ნივთიერებათა ლაბორატორიის გამგე. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ყველა თანამშრომელს და მასთან ურთიერთობაში მყოფთ განუცდიათ ამ არაჩვეულებრივი ქალბატონის მადლიანი დახმარება და მხარდაჭერა, მრავალი მეცნიერის გზის გამკვალავი, ყველას უხვად უნაწილებს გულის სითბოს, ცოდნასა და გამოცდილებას.
აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და მისი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აქტიური წევრი, ,ფარმაკოქიმიის“ დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე.
სიმბოლურია, რომ ქართული ფარმაციისა და ქიმიის განვითარებაში ასეთი კვალი სწორედ ქალბატონმა დატოვა – თანამედროვე „მედეამ“, რომელმაც მაგიური ელექსირების ნაცვლად, კაცობრიობას ზუსტი გათვლებითა და კვლევებით მიღებული სამკურნალო პრეპარატები აჩუქა. მან დაამტკიცა, რომ მითიური მედეას მემკვიდრეობა გახლავთ არა ლეგენდა, არამედ რეალური ძალა, რომელიც საუკუნეების შემდეგ ქართულმა ფარმაკოქიმიამ, მისი ლიდერობით, მსოფლიო მედიცინის საკუთრებად აქცია. შემთხვევით არ არის, რომ ფრანგმა მეცნიერმა სტივენსონმა მას ,,კოლხი მედეა“ უწოდა. ეთერ ქემერტელიძის ღვაწლი რჩება იმ ცოცხალ ხიდად, რომელიც უძველეს ცოდნასა და მომავლის მეცნიერებას აერთიანებს, რადგანაც გვევლინება იმ დიდი ტრადიციის გამგრძელებელად, რომელიც ათასწლეულების წინ კოლხეთში დაიწყო. აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ შეძლო, მითიური მედეას მცენარეული სიბრძნე თანამედროვე ლაბორატორიებში გაეცოცხლებინა და ქართული ბუნების ძალა ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დაეყენებინა. სწორედ ასეთი ადამიანების ღვაწლი ეფუძნება კულტურისა და მეცნიერების უწყვეტობას წარსულიდან მომავლამდე.
დღეს, როდესაც ეთერ ქემერტელიძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა, მის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო მიმართულებები კვლავ უაღრესად აქტუალურია. მისი ცხოვრება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეცნიერმა ქალმა, საკუთარი ნიჭითა და დაუღალავი შრომით, ეპოქალური კვალი დაამჩნიოს ქვეყნის ისტორიას. ეთერ ქემერტელიძის პიროვნებაში დიდი შემოქმედებითი და ადამიანური არსი ვლინდება. მიუხედავად სოლიდური ასაკისა ახლაც ენერგიულად შრომობს. ეთერ ქემერტელიძე რჩება ქართული ინტელექტუალური ელიტის სიმბოლოდ – ადამიანად, რომელმაც ბუნების საიდუმლოებები ხალხის ჯანმრთელობის სამსახურში ჩააყენა!
შესანიშნავ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, დიდებულ პიროვნებას, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს ვუსურვებთ მრავალჟამიერ შემოქმედებით სიცოცხლეს!
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება
ი. ქუთათელაძის სახ. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი
