ახალგაზრდა მეცნიერთა სემინარი – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: თეორია და პრაქტიკა
- აპრილი 2, 2026
მიმდინარე წლის 27 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა სემინარი, რომლის ორგანიზატორი იყო აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სამეცნიერო განყოფილება. შესავალი სიტყვით ღონისძიებას წარუძღვა ამავე განყოფილების აკადემიკოს-მდივანი თამაზ ჭელიძე. შემდეგ სიტყვა დაეთმო ახალგაზრდა მეცნიერს, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტს სოფიო ჯვარშეიშვილს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულად ჩამოყალიბდა გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პარალელურად და დღეს წარმოადგენს საერთაშორისო ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.
მათი ევოლუცია მჭიდროდ არის დაკავშირებული, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროცესებთან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა მსოფლიო ეკონომიკის დინამიკას.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თეორიების ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო მე-XX საუკუნის მეორე ნახევარში, შეიქმნა მრავალმხრივი თეორიული საფუძველები, რომელიც განმარტავს საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების მოტივებს, მათ სტრუქტურასა და ზეგავლენას მიმღები ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე.
მომხსენებლის თქმით, – თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაში. უცხოური ინვესტიციების შემოდინება მიმღები ქვეყნისათვის უზრუნველყოფს არა მხოლოდ კაპიტალის ზრდას, არამედ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ტრანსფერს, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმღები ქვეყნისათვის ქმნის „სპილოვერ“ ეფექტებს, რომლებიც დადებითად აისახება ადგილობრივი წარმოების პროდუქტიულობაზე, ხელს უწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას და აძლიერებს მიმღები ქვეყნის, როგორც მაკროეკონომიკურ, ისე მიკროეკონომიკურ გარემოს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენის შეფასება მიმღები ქვეყნისათვის, მომხსენებლის თქმით, უნდა განხორციელდეს მრავალწახნაგოვანი მიდგომით, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას, არამედ სოციალურ კეთილდღეობას, გარემოს მდგრადობასა და ადგილობრივ განვითარებას.
ღონისძიების დასასრულს, მოხსენება შეაჯამა თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორმა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ნანა ბოლაშვილმა; სიტყვით ასევე გამოვიდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი ეთერ კილასონია.









