თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა ჩინეთის CORE აკადემიასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის
- სექტემბერი 22, 2026
2026 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ხელი მოეწერა შეთანხმებას საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო ევრაზიული ლაბორატორიის ერთობლივი განვითარების მიზნით.
შეხვედრა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. შეხვედრას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან ესწრებოდნენ: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები: გია ჯაფარიძე, ვლადიმერ ციციშვილი, ბიძინა კორახაშვილი, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნატალი სიდამონიძე. სტუმრების მხრიდან კი, დელეგაციის წევრები იყვნენ: საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის პრეზიდენტი დი ჟანგი, პროფესორი დან ცვიან, დოქტორი რაიმონდ ცზარუი ვუ და ქალბატონი მეი ლიუ.
აკადემიის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას – საქართველოსა და ჩინეთს შორის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი, მჭიდრო უთიერთობები, რომ ეს ერთგვარი მეგობრობის ხიდია. მან სტუმრებს გააცნო ჩვენი აკადემიის მუშაობის სტილი და სამეცნიერო განყოფილებები.
რაც შეეხება თავად მემორანდუმს, – ამ შეთანხმების მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ:
- განამტკიცონ სამეცნიერო კავშირები ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ საერთაშორისო ევრაზიული ლაბორატორიის მონაწილე ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, რითაც წვლილს შეიტანენ საერთაშორისო კონსტრუქციულ სამეცნიერო დიალოგსა და თანამშრომლობაში;
- წინ წასწიონ მეცნიერული ძიება, ინტერდისციპლინარული კვლევები, ცოდნის გაცვლა შეთანხმებულ სამეცნიერო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სფეროებში;
- შექმნან სრულფასოვანი შესაძლებლობები საქართველოში მეცნიერთათვის, მკვლევართა ჯგუფებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისათვის რათა მათ შეძლონ ფართო საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზში ჩართვა;
- მეცნიერების, ლაბორატორიების, უნივერსიტეტების, აკადემიური დაწესებულებების და კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობის გაფართოების გზით გააღრმავონ ევრაზიული ლაბორატორიის ინსტიტუციური წვდომა და ინტელექტუალური საფუძვლები;
- დანერგონ საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობები გრძელვადიან პროგრამებში, თანამშრომლობის პლატფორმებში და კვლევით პარტნიორობაში, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო პროგრესს და საზოგადოებრივ კეთილდღეობას.
შეთანხმებას ორივე მხრიდან ხელს აწერენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის სახელით პრეზიდენტი, პროფესორი დი ჟანგი.








