აკადემიკოსი რევაზ სალუქვაძე – 90
- ოქტომბერი 25, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების უბადლო ორგანიზატორის, ფიზიკა-ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის რევაზ სალუქვაძის დაბადებიდან 90 წლისთავს.
საიუბილეო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, მოხსენება – აკადემიკოს რევაზ სალუქვაძის ღირსეულად განვლილი ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა – გააკეთა სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორმა გურამ ბოკუჩავამ. სხდომაზე მოგონებებით გამოვიდნენ აკადემიკოსები ნოდარ ცინცაძე, ლევან ჯაფარიძე, რამაზ ხუროძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ანზორ ხელაშვილი, პროფესორები ჯემალ ხუბუა, ანზორ გულდამაშვილი, ოთარ ჟორდანია.
ამ ღონისძიებაზე ნათლად წარმოჩნდა რევაზ სალუქვაძის მასშტაბური წვლილი საქართველოში ელემენტარული ნაწილაკების და მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის განვითარებაში, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დაარსებაში. ამ პერიოდში შესრულებული კვლევათა შედეგებზე (1979წ.) რევაზ სალუქვაძეს პ. მელიქიშვილის სახელობითი პრემია მიენიჭა.
1974 წელს რევაზ სალუქვაძე დაინიშნა მრავალპროფილიანი, მრავალათასიანი სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორად, რომელსაც ხელმძღვანელობდა 26 წლის განმავლობაში სიცოცხლის ბოლომდე.
ამ პერიოდის განმავლობაში ინსტიტუტს ჰქონდა შთამბეჭდავი მიღწევები მეცნიერებასა და ახალი ტექნოლოგიების და ტექნიკის შექმნის საქმეში, რომლებიც ახლა უკვე საყოველთაოდაა აღიარებული.
ინსტიტუტისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტულ პროექტებს პლაზმის ფიზიკაში, მაღალდენიანი ელექტრონული ამაჩქარებლების შექმნაში, სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის საბჭოურ პროექტს, კოსმოსური დანიშნულების ბირთვული ენერგეტიკული დანადგარების თემატიკას უშუალოდ ხელმძღვანელობდა რევაზ სალუქვაძე, იყო რიგი მათგანის სამეცნიერო ხელმძღვანელი და მთავარი კონსტრუქტორი.
1985 წელს რევაზ სალუქვაძეს ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად სამუშაოთა ციკლისთვის «ნანო- და მიკროწამის ხანგრძლივობის სუსტად რელიატივისტური და დიდი დენების ელექტრონების ამაჩქარებლის დამუშავება» მიენიჭათსაქართველოსსახელმწიფოპრემია.
მიუხედავად მთელ რიგ თემატიკებზე ღია პუბლიკაციების შეზღუდვებისა რევაზ სალუქვაძე 120 მაღალი სამეცნიერო ღირებულების სამეცნიერო ნაშრომისა და 30 გამოგონებისა და პატენტის ავტორია. მისი ხელმძღვანელობით 20 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციაა დაცული.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რევაზ სალუქვაძეს უდავოდ განსაკუთრებული ადგილი უკავია სოხუმის ინსტიტუტის სახელოვან ისტორიაში.
ნაადრევად, მაგრამ ვალმოხდილი წავიდა ჩვენგან ღვაწლმოსილი მეცნიერი და სასიქადულო მამულიშვილი რევაზსალუქვაძე, გარდაიცვალა 2000 წლის 22 ოქტომბერს და დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.