ქართველ მეფეთა პოეზია
- დეკემბერი 28, 2019
„ქართველ მეფეთა პოეზია“ – ასე ეწოდება წიგნს, რომელიც სულ ახლახანს გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ. წიგნის წარდგინება აკადემიაში შედგა მიმდინარე წლის 27 დეკემბერს მეცნიერებათა აკადემიისა და ქართული ჰერალდიკის სახლის ერთობლივი ორგანიზებით.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა ქეთევან ტომარაძემ, ხოლო წიგნის შინაარსი დაწვრილებით მიმოიხილა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
წიგნის იდეის ავტორი გახლავთ ოთარ ციციშვილი, ხოლო ქართველ მეფეთა (დავით აღმაშენებელი, დემეტრე პირველი, თამარ მეფე, თეიმურაზ პირველი, არჩილი, თეიმურაზ მეორე, ვახტანგ მეექვსე) ქართულიდან ინგლისურად თარგმნეს: ნანა ბუხრაძემ, თეა ქუნთელიამ და ქეთევან მამულაშვილმა.
„ფეოდალური საქართველოს შვიდი რჩეული მონარქის განსხვავებული ხასიათისა და ჟანრის მხატვრული შემოქმედებიდან ცალკეული ფრაგმენტების წინამდებარე კრებულში თავმოყრა კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება. პოეზიის მშვენიერი ნიმუშებისა და მათ ავტორთა შესახებ მოკლე ინფორმაცია ზოგად წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს ქართული მწერლობის განვითარების ეტაპებზე XI საუკუნიდან, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური აღმავლობის პერიოდიდან, გვიანი შუა საუკუნეების რთულ, წინააღმდეგობრივ ეპოქამდე, ქრისტიანულ-ფილოსოფიური აზროვნების გენეზისზე ჩვენს ქვეყანაში, სოციალურ-კულტურული ცხოვრების პერიპეტიებზე, არაერთგვაროვანი მოვლენებით დატვირთულ ვრცელ ისტორიულ არეალზე“ – აღნიშნულია წიგნის წინასიტყვაობაში.