აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე – 90
- თებერვალი 27, 2020
2020 წლის 26 თებერვალს, მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი ფიზიკოსის, აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მოხსენება – „თანამედროვე ფიზიკის ზოგიერთი გამორჩეული საკითხი“, გააკეთა აკადემიკოსმა ნოდარ ცინცაძემ.
ნოდარ ცინცაძემ შექმნა მსოფლიოში აღიარებული პლაზმის ფიზიკის ქართული სამეცნიერო სკოლა. ასევე დიდია მისი დამსახურება პლაზმის ფიზიკის განვითარების საქმეში არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც მიწვეული პროფესორი ან მკვლევარი. მნიშვნელოვანია მისი საქმიანობა აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი, იტალია), სადაც ის პლაზმის ფიზიკის სკოლის დირექტორი იყო წლების განმავლობაში. 2004-2011 წლებში ის იყო ცნობილი პაკისტანელი მეცნიერის – აბდუს სალამის კათედრის მიწვეული პროფესორი ქალაქ ლაჰორში.
აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთა უმეტესობა ფართოდ არის ცნობილი სამეცნიერო საზოგადოებისათვის. 1998 წლიდან ნოდარ ცინცაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრია. მისი ღვაწლი მეცნიერების განვითარებაში ღირსეულად დაფასდა სხვადასხვა აკადემიური, სახელმწიფო თუ საერთაშორისო ჯილდოებით და პრემიებით. ის არის არჩეული ხიროსიმას სინთეზის ინსტიტუტის საპატიო წევრად, არის ნ. ბოგოლიუბოვის სახელობის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის (კიევი, უკრაინა) საპატიო დოქტორი, მინიჭებული აქვს ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია. 2015 წელს მას გადაეცა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ჯილდო – ბრწყინვალების ორდენი.