განცხადება

განცხადება

  • მაისი 11, 2020

ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნდა აკადემიკოს ი. კიღურაძის წერილი. სწორედ ახლა, როდესაც ქვეყანა ერთიანი ძალით, მთელი შემართებით ებრძვის მსოფლიოს „უხილავ მტერს“ კორონავირუსს, მეცნიერმა მოიცალა და შეეცადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის განქიქებას. მას არ მოსწონს აკადემიის საქმიანობა, არც აკადემიის შემადგენლობის ერთი ნაწილი, ხელმძღვანელობას მოიხსენიებს, როგორც მაფიას და ა. შ. შემწყრალია იმ ფაქტის გამო, რომ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობამ, რატომ მიულოცა დაბადების დღე ბიძინა ივანიშვილს. თავხედურად აცხადებს: „ვის სჭირდება მაგათი მილოცვა!“

უნდა ითქვას, რომ აკად. ი. კიღურაძე სრულიად მოწყვეტილია აკადემიის მიმდინარე საქმიანობას. მან არც იცის თუ რა მიღწევებია მეცნიერების სხვადასხვა დარგში, რა ღონისძიებები ტარდება აკადემიაში, რას საქმიანობს აკადემია, როგორც ხელისუფლების მრჩეველი. მიზეზი რეალურად ალბათ ისაა, რომ მისი ამბიციური კარიერული სწრაფვები აუხდენელი დარჩა.

საქართველოს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეობისას მან თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ მეცნიერებათა აკადემიის თაობაზე კანონის შეცვლა გადაწყვიტა და აკადემიის საერთო კრების უმრავლესობის პოზიციის საწინააღმდეგოდ პარლამენტს მიაღებინა ყოვლად შეუსაბამო კანონი. მხოლოდ იმისი მინიშნება რად ღირს, რომ აკადემიის დასაბამისად, ტრადიციული წევრ-კორესპონდენტების ინსტიტუტი ახალი კანონის შესაბამისად ე.წ. სტიპენდიატებით ჩანაცვლდა.

ზემოაღნიშნული კანონის სერიოზული ხარვეზების არსებობა ასევე დადასტურდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე. კანონში გაუქმდა მიზანმიმართულად შეტანილი გარკვეული მუხლები.

სამწუხაროა, რომ მან აიყოლია ორიოდე კოლეგა და თავიანთი ცილისმწამებლური, უკეთური ქმედებებით ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.

მას მოვუწოდებთ უბრალოდ გააცნობიეროს თავისი ახლანდელი მდგომარეობა, მოიცილოს ღვარძლი, ბოღმა და თუ შეუძლია ღირსეულად გააგრძელოს სამეცნიერო საქმიანობა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეს სამსახური