მიმართვა სომხეთისა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებს
- ოქტომბერი 26, 2020
სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს აკადემიკოს რ. მარტიროსიანს
აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს აკადემიკოს რ. მეხტიევს
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია შეშფოთებულია ორი მოძმე ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტის განახლებით, რასაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე და მატერიალური რესურსები. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მჭიდრო შემოქმედებითი და ადამიანური ურთიერთობები აკავშირებს როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, რაც ბუნებრივი გამოხატულებაა საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობისა და ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრობისა ორივე ქვეყანასთან. საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სომხებისა და აზერბაიჯანლების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სავსებით იზიარებს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომლის თანახმად ჩვენს მეგობარ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი მისაღები გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებაა. ამის მისაღწევად, პოლიტიკურ ნებასთან ერთად, საჭიროა ფართო საზოგადოებრივი ძალების მობილიზაცია და მთელი ძალისხმევის მიმართვა შეიარაღებული კონფლიქტის დიპლომატიურ კალაპოტში გადასაყვანად. ამაში, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დიდია როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიების შესაძლებლობები, რომელთა მაღალი ავტორიტეტი მთავრობების წინაშე და კეთილისმყოფელი გავლენა საზოგადოებრივ აზრზე ეჭვს გარეშეა. ღრმად განვიცდით და ვითავისებთ რა ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვან მოძმე ქვეყნებს შორის შექმნილი შეიარაღებული კრიზისის სავალალო შედეგებს, ორივე ქვეყნის მეგობარ მეცნიერებათა აკადემიებს მოგიწოდებთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რომელიც ხელს შეუწყობს საბრძოლო ცეცხლის შეწყვეტას და სადავო საკითხების ბრძოლის ველიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანას, რათა ბოლო მოეღოს სისხლისღვრას და ნგრევას.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თქვენს გვერდით იგულეთ ამ აუცილებელი და კეთილშობილური მისიის აღსრულების საქმეში.
გისურვებთ მშვიდობას და აყვავებას.