ქართულ-აზერბაიჯანული კონფერენცია
- მარტი 21, 2021
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2021 წლის 17 მარტს, გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით – „ქართულ-აზერბაიჯანული სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც სამხრეთ კავაკასიის მშვიდობისა და განვითარების ფაქტორი“.
კონფერენცია ჩატარდა მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით. კონფერენციაზე განხილული იქნა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების აქტუალური საკითხები, კავკასიის უსაფრთხოების, მშვიდობის, სამეცნიერო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების პრობლემები.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრა ეძღვნება ორი ქვეყნის სტრატეგიულ, როგორც ისტორიულ, ასევე დღევანდელ ურთიერთობებს.
შემდეგ სიტყვა გადაეცა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ძალიან შეუწყობს ხელს ერთობლივ თანამშრომლობას.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ემილია ალავერდოვა, კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი და აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები.
შეხვედრის დასასრულს აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აზერბაიჯანის ელჩს საჩუქრად გადასცა „ქართლის ცხოვრება“ რუსულ ენაზე და ქართული ენციკლოპედიის გამოცემა – „100 ღირსსახსოვარი სახელი“.