ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- აპრილი 27, 2021
2021 წლის 23 აპრილს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა, რომელიც მიეძღვნა პროფესორ ვიქტორ ზვიადაურის (რ. დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი) მოხსენების: „მრავალფუნქციური ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური მანქანების და პროცესები“ განხილვას.
აღინიშნა, რომ ასეთი ვიბრაციული მანქანები ფართოდ გამოიყენებიან მრეწველობის სხვადასხვა სფეროში ტექნოლოგიური პროცესების განხორციელებისათვის. ინსტიტუტის დინამიკის განყოფილების თანამშრომელთა ათეული წლების მუშაობის შედეგად დამუშავდა ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური მანქანებისა და პროცესების საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მიერ აღიარებული თეორიული მოდელები, რაც საფუძვლად დაედო სრულიად ახალი ტიპის მანქანების დამზადებასა და დაპატენტებას. წარმოდგენილი იყო ვიბრაციული პროცესების კვლევის მიზნით სისტემური მიდგომის საფუძველზე დამუშავებული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური მანქანის სივრცითი მოძრაობის უნივერსალური, დინამიკური და მათემატიკური მოდელები, რომლებშიც ასახულია სამმასიანი ვიბრაციული ტექნოლოგიური სისტემის „ვიბროამძრავი – მუშა ორგანო – ტექნოლოგიური ტვირთი“ დინამიკური ურთიერთკავშირები, ძირითადი პარამეტრები და მახასიათებლები. გამოკვლეულია მასალის მოძრაობის კანონზომიერებაზე მანქანის სხვადასხვა პარამეტრების, მ.შ. ფსკერის დრეკადობის, „პარაზიტული ვიბრაციების“, ცვლილებით გამოწვეული, ასპექტები და წარმოდგენილი იყო მათემატიკური მოდელირებისა და ექსპერიმენტების შედეგები; დამზადებულია და გამოცდილია ვიბრაციული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური მანქანების ახალი კონსტრუქციები.
სხდომაზე სიტყვებით გამოვიდნენ აკად. თ. ნატრიაშვილი, პროფ. ნ. ქევხიშვილი, აკად. წევრ-კორ. ალ. დიდებულიძე, აკად. რ. ხუროძე, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩატარებული სამუშაოები. შემდეგ, სხდომამ მიიღო შესაბამისი დადგენილება და რეკომენდაციები.