აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ბიუსტის გახსნა
- ოქტომბერი 29, 2021
მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს დაბადებიდან 92 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა აკადემიაში, მეორე სართულზე, რუსთაველის კომიტეტის ფოიეში თამაზ გამყრელიძის ბიუსტის საზეიმოდ გახსნა. ბიუსტი, რომელიც შექმნილია ცნობილი მოქანდაკის, აკადემიკოს მერაბ მერაბიშვილის მიერ, ჩამოსხმულია თაბაშირში.
ღონისძიება გახსნა აკადემიკოსმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა. ბატონი თამაზის უდიდესი ღვაწლის შესახებ როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე მის მოქალაქეობრივ დამსახურებაზე ვრცლად ისაუბრეს, – აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ, ინესა მერაბიშვილმა, რუსთაველის კომიტეტის თავმჯდომარემ ავთანდილ არაბულმა, ვალერი ასათიანმა, პეტრე ბერაიამ და სხვებმა.
თამაზ გამყრელიძემ მსოფლიოში გაუთქვა სახელი ქართულ ენათმეცნიერებას. მისი საერთაშორისო ავტორიტეტი და კავშირები მნიშვნელოვანი მეგზური იყო ახალი თაობის ქართველი მეცნიერებისთვის და ასე დარჩება ის მომავალშიც.
არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ჰუმბოლდტის სახელობის საერთაშორისო პრემია და აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის ღირსების ოქროს მედალი.
გახლდათ ევროპის აკადემიის (Academia Europea) პირველი ქართველი ნამდვილი წევრი, «ევროპის ლინგვისტური საზოგადოების» პრეზიდენტი. არჩეული იყო ბრიტანეთის, ავსტრიის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიების, ასევე ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ საპატიო წევრად.
თამაზ გამყრელიძის უამრავ დამსახურებას შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის რომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.
ბატონი თამაზი წლების მანძილზე იყო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო შემდეგ საპატიო პრეზიდენტი; რუსთაველის კომიტეტის თავმჯდომარე. მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია ლინგვისტიკის დარგში და ასევე გადაწყდა, რომ მის ხსოვნას მიეძღვნას მორიგი ქართველოლოგიური კონგრესი.