ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- დეკემბერი 6, 2021
2021 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე განხილული იქნა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის მოხსენება: „მიწის მდგრადი მართვის ასპექტები საქართველოში“.
მოხსენებაში აღინიშნა, რომ 2004 წელს განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმების შედეგად გაუქმდა მიწის მართვის სახელმწიფო უწყება, რომლის ფუნქციებიდან მხოლოდ მიწასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაციისა და მიწის უფლებრივი კადასტრის ფუნქციები გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მიწის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობა და სხვა უფლებამოსილებები ან არამიზნობრივად გადანაწილდა სხვა უწყებებში, ან საერთოდ გაუქმდა, რის შედეგად, შემდგომი პერიოდის განმავლობაში, არ მომხდარა საქართველოს მიწის ბალანსის შედგენა და მიწის ფონდის შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა. დღეს არ მოიპოვება ზუსტი ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბუნებრივი, სამეურნეო, სამართლებრივი, ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის ამსახველი მონაცემების შესახებ, მაშინ, როდესაც ასეთი მონაცემების არსებობის, ანალიზის და გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია მიწისა და სოფლის მეურნეობის დარგების მდგრადი მართვისა და წარმატებული განვითარების უზრუნველყოფა და ამ პირობებში დიდ გამოწვევას წარმოადგენს მიწის მართვის და ადმინისტრირების სისტემების სწორი ფორმირება და უფლებამოსილებების გონივრული ინსტიტუციური გადანაწილება. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ მოხდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონის მიღება და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შექმნა. სააგენტომ მუშაობა დაიწყო კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელების პარალელურად, მაგრამ მაინც მოხდა არაერთი საკითხის გადაწყვეტა და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, მაგალითად:
- „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის“ მიღება, რომლის მიხედვით საქართველოს მიწის ბალანსის შედგენა განხორციელდება 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით;
- „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება, რომლის შესაბამისად 2025 წლის ბოლოსათვის სრულად უნდა მოხდეს ქვეყანაში არსებული ქარსაფარი ზოლების და მათი ტერიტორიების ინვენტარიზაცია; მიმდინარე წელს ინვენტარიზაცია განხორციელდა თელავის მუნიციპალიტეტში 430 ჰექტრამდე მიწის ფართობზე;
- „საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწფო პროგრამის“ დამტკიცება, რომლის ჩარჩოებში განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების სარგებლობაში განკარგვა ისეთი პირობებით, რომელიც შესაძლებელს გახდის საძოვრებზე ხელი მიუწვდებოდეს რეალურ ფერმერებს და სოფლის მოსახლეობას;
- კანონპროექტების პაკეტის მომზადება, რომელთა მიხედვით გათვალისწინებულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში გაფანტული ან/და გაუქმებული მიწის მართვის ფუნქციების და უფლებამოსილებების სააგენტოსათვის გადაცემა;
- მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მონიტორინგისა და კონტროლის ინოვაციური ფორმებით აღდგენის, ფორმირებისა და ჩამოყალიბების ორიენტირების განსაზღვრა;
- მიწის რესურსების მართვისა და ადმინისტრირების პოლიტიკის ფრანგულ მოდელთან თავსებადობისა და საქართველოში დანერგვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან კომუნიკაციების დაწყება და სხვ.
მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია; დისკუსიაში გამოვიდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსები რამაზ ხუროძე, ა.კორახაშვილი, პროფესორები მ.ახობაძე, ა.დიდებულიძე, პ.კოღუაშვილი, დ.გალეგაშვილი და ა.მესხიშვილი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოები.