
წიგნის – “Gürcistan” (ქართულად – საქართველო) პრეზენტაცია
- ივლისი 12, 2025
მიმდინარე წლის 9 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს შესახებ თურქულ ენაზე გამოქვეყნებული 845 გვერდიანი წიგნის “Gürcistan”, (ქართულად – საქართველო) პრეზენტაცია. წიგნის რედაქტორები გახლავან – ისტორიის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი და ისტორიის დოქტორი, სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორი იბრაჰიმ თელლიოღლუ. წიგნი გამოიცა ათათურქის სახელობის კვლევითი ცენტრის მიერ. ღონისძიება შესავალი სიტყვით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, ენის, ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ელიზბარ ჯაველიძე, პრეზიდიუმის წევრები და სხვა საპატიო სტუმრები.
„წიგნში მეტნაკლები სისრულით არის გადმოცემული საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა. მართალია, აქამდე, თურქულ ენაზე, საქართველოსა და საქართველოს ისტორიის შესახებ რამდენიმე ქართული წიგნის თარგმანი, საკითხავი წიგნი და სხვა არსებობდა, მაგრამ წინამდებარე წიგნში კონკრეტულ საისტორიო საკითხებსა და მოვლენებზეა ყურადღება გამახვილებული. ვფიქრობთ, იგი შესაბამის სამსახურს გაუწევს საქართველოს ისტორიით, გეოგრაფიით, ქართული ანბანის წარმომავლობით, ქართული ენითა და ლიტერატურით, ქართულ–თურქული ისტორიული ურთიერთობებით დაინტერესებულ თურქულენოვან საზოგადოებას“ – განაცხადა ავტორმა როინ ყავრელიშვილმა.
წიგნი, რომელსაც არაერთი ქართველი და თურქი ავტორი ჰყავს, დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა. რადგან ამ პროცესს წინ უძღოდა საქართველოსა და თურქეთში გამართული ერთობლივი სიმპოზიუმები ქართულ-თურქული ურთიერთობების შესახებ, როგორიცაა: ისტორია და თანამედროვეობა, ქართულ-თურქული ურთიერთობების წყაროები, ქართულ-თურქული ურთიერთობები შუა საუკუნეებში, ქართულ-თურქული ურთიერთობები ახალ და უახლეს პერიოდში, ქართულ-თურქული ურთიერთობები XX საუკუნეში. სიმპოზიუმებზე წაკითხული მოხსენებები შრომების კრებულების სახით და სტატიების ორმხრივი თარგმანითურთ ქართულ და თურქულ ენებზე არის გამოცემული.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ იმ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც არსებობს განსხვავება მხარეთა შორის ინფორმაციის, დოკუმენტებისა და საისტორიო მოვლენების გააზრება-ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა ჯანსაღი მსჯელობა და მეცნიერული კამათი, რაც მხარეთა შორის უკეთ გაგებას უწყობდა ხელს.
წიგნის გამოცემის იდეისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს: ბატონმა აჰმეთ კილინჩიმ, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ, ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, წიგნი წარადგინა სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა და წიგნში გამოქვეყნებული სტატიებიდან ერთ-ერთის ავტორმა ლია ახალაძემ. დისკუსიაში მონაწილეთა მიერ დადებითად იქნა შეფასებული წიგნის გამოცემის იდეა, რადგან მასში გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით თურქულენოვან მკითხველს ეძლევა საშუალება გაეცნოს საქართველოს ისტორიის მონაკვეთებს, ქართული ანბანის ისტორიას, საქართველოს გეოგრაფიის საკითხებს, ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ მოკლე ინფორმაციას.
პრეზენტაციის შემდეგ წიგნში გამოქვეყნებული სტატიებიდან ოთხი ავტორის: პროფესორ ოთარ ჯანელიძის, პროფესორ იბრაჰიმ თელლიოღლუს, პროფესორ როინ ყავრელიშვილის, და ასოცირებულ პროფესორ კახა კვაშილავას მონაწილეობით გაიმართა პანელი ქართულ-თურქული ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით.