
საერთაშორისო კონფერენცია – „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა
- ოქტომბერი 2, 2025
2025 წლის 2 და 3 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით – „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“. ხსენებული კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „ ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი. კონფერენციის ფორმატი ჰიბრიდულია და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები. განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის შემმუშავებლები და ინოვატორები როგორც ევროპიდან, ისე საქართველოდან. კონფერენცია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის AI პრაქტიკული და სტრატეგიული ზეგავლენის განხილვას განათლების სისტემებზე, სამეცნიერო კვლევებსა და ინსტიტუციური განვითარების პროცესებში.
კონფერენცია შესავალი სიტყვით და მისალმებით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, როგორც თავის გამოსვლაში ბატონმა როინმა აღნიშნა – „დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ მომავლის ტექნოლოგია. იგი უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ეკონომიკის, ჯანდაცვის, მეცნიერებისა და განათლების განუყოფელი ნაწილია. ამდაგვარი სწრაფი განვითარება, მასშტაბი და ზეგავლენა მიმდინარე მოვლენებზე იშვიათად თუ გვახსოვს კაცობრიობის ისტორიიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაანალიზოთ, როგორ შევუთავსოთ ინოვაციური ტექნოლოგიები განათლებისა და მეცნიერების სისტემებს ისე, რომ მათ ხელი შეუწყონ საზოგადოების განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობას და კულტურულ ღირებულებათა დაცვას.
ეს კონფერენცია წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას აზრებისა და გამოცდილების გასაზიარებლად.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მისიაა, ხელი შეუწყოს მეცნიერების პროგრესს, ეროვნული განათლების სისტემის გაძლიერებას და ქვეყნის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში. მიგვაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის სწორად ინტეგრირება არა მხოლოდ გააძლიერებს კვლევით პოტენციალს, არამედ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან, ჩვენთვის არსებითია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობათა გამოყენება საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების – ისტორიის, ენებისა და ლიტერატურის, ფილოსოფიისა და რელიგიის, ხელოვნებისა და არქიტექტურის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო მემკვიდრეობის – მხარდაჭერისთვის და მათი საერთაშორისო პოპულარიზაციისათვის. სწორედ ამ და სხვა მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, აკადემიის პრეზიდენტთან შექმნილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის პირველი შედეგიც – დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებაა“.
მისასალმებელი სიტყვით კონფერენციაზე ასევე გამოვიდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი.
მისალმებების შემდგომ, კონფერენციის პირველი დღე დაეთმო უნივერსიტეტების სტრატეგიულ ხედვებს, საერთაშორისო სპიკერებს, პროექტებსა და ქართველი აკადემიკოსების მოხსენებებს, – “უნივერსიტეტთა სტრატეგიული ხედვები და AI”, რომლებიც წარმოადგინეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა) ზურაბ გუდავაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახაბერ შენგელიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ტურავამ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ.
კონფერენციის მეორე დღეს წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი კვლევები და ინოვაციები განათლებასა და მეცნიერებაში AI -ს მიმართულებით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები, დისკუსიები და ინოვაციური პროექტების პრეზენტაციები მნიშვნელოვნად გაამდიდრებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო გამოცდილებას. კონფერენციაში სულ ოცდაათამდე მეცნიერი მონაწილეობს.