საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2021 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში
- დეკემბერი 26, 2021
მე-80 საიუბილეო წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, პანდემიით გამოწვეულ მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა. მიუხედავად ამისა, აკადემია ძირითადად გამართულად ფუნქციონირებდა და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
მიმდინარე წელსაც აკადემიამ, ტრადიციისამებრ, განახორციელა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ექსპერტული შეფასება. განხილულ იქნა 9 უნივერსიტეტის, მათთან გაერთიანებული 46 და 13 სსიპ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებიდან წარმოდგენილი 388 პროექტი, რომელშიც მონაწილეობდა 133 ექსპერტი, მათ შორის, 48 აკადემიის წევრი. ექსპერტიზის შედეგები წარედგინა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შესაბამის დაწესებულებებს. მიმდინარე წელს შესაბამისი განყოფილებების წარდგინებითა და პრეზიდიუმის დადგენილებით ექსპერტის სტატუსი მიენიჭა მეცნიერთა ჯგუფს ქიმიის, გეოგრაფიის, ბოტანიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ისტორიის, ფილოლოგიის, ფილოსოფიის, ეკონომიკის, სამართალმცოდნეობის დარგებში (სულ 34).
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აკადემიაში გაერთიანებული იყო 70 აკადემიკოსი, 18 წევრ-კორესპონდენტი და 9 სტიპენდიატი. არჩეულ იქნა 3 ახალი ნამდვილი წევრი (აკადემიის წ.-კორ. ა. კვინიხიძე, პროფ. ვ. ასათიანი, პროფ. ს. პავლიაშვილი). განყოფილებების რეკომენდაციით უცხოელი წევრის პოზიციაზე ასარჩევად წარდგენილია ტელ-ავივის უნივერსიტეტის პროფ. ზავი ბენ-აბრაჰამის (გეოფიზიკა) და ბაქოს ხაზარის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ჰამლეტ ისახანლის (გამოყენებითი მექანიკა) კანდიდატურები.
გაიმართა 3 საერთო კრება (20 იანვარი, 11 მარტი, 25 ივნისი) და პრეზიდიუმის 8 სხდომა. მიმდინარე და ორგანიზაციულ საკითხებთან ერთად პრეზიდიუმმა მოისმინა და განიხილა მოხსენებები, რომლებიც საზგადოებრივად აქტუალურ საკითხებსაც ეხმიანებოდა: 1. გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტისა და მისი შერულების მიმდინარეობის შესახებ (5 მარტი. მომხსენებელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი). სხდომამ განიხილა ძეგლის არსებული მდგომარეობა, პრობლემები და მათი გადაწყვეტის მეთოდოლოგია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომპლექსის მთავარი ტაძრის – ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის გადახურვასთან დაკავშირებულ საკითხებს; 2. პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე (8 ოქტომბერი) პროფ. ზ. პაპასქირმა წარმოადგინა მოხსენება „აფხაზეთის ისტორიული წარსულის გაყალბების ზოგიერთი ტენდენციის შესახებ აფხაზ მკვლევართა უახლეს პუბლიკაციებში“, რომელიც მიეძღვნა ბოლო 30 წლის განმავლობაში აფხაზეთში გამოცემული საისტორიო თემატიკის ამსახველი ბეჭდური პროდუქციის მოკლე მიმოხილვას. მომხსენებელმა კონკრეტულ მასალაზე დაყრდნობით აჩვენა ამ ავტორთა არაკომპეტენტურობა და ტენდენციურობა, ზოგადად, აფხაზური სეპარატისტული ხედვის სრული უსაფუძვლობა.
სპეციალური ღონისძიებები მიეძღვნა მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღებს. აკადემიის თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით (აკადემიკოსი რ. მეტრეველი) ბეჭდურ და ინტერნეტსივრცეში (მონოგრაფიები, სტატიები, ონლაინკონფერენციები) ფართოდ აღინიშნა დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავი. აკადემიაში გაიმართა დიდი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, ქართლ-კახეთის მეფეთ-მეფის ერეკლე II-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (მომხსენებელი პროფ. ვ. გურული. 5 ნოემბერი).
აკადემიის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა აკადემიის ისტორიისადმი მიძღვნილი მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე (აკადემიკოსი გ. კვესიტაძე, აკადემიკოსი რ. მეტრეველი). ამავე თარიღს მიეძღვნა აკად. თ. სადუნიშვილის, პროფესორების ი. მაისაიას, ქ. ბაცაცაშვილის, შ. სიხარულიძისა და თ. დარჩიძის მონოგრაფია „საქართველოს აგრარული კულტურები“.
გამოქვეყნდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის მიერ მომზადებული საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მორიგი ტომი (ტ. პირველი, წიგნი მეოთხე).
მიმდინარე წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა: 1). ღვინის გილდიასთან (19 მაისი). 2). სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლთან“ (8 ივნისი). 3. ორგანიზაციასთან „ფონდი – განვითარება და გარემო“ (6 ივლისი); 4. საზოგადოებრივ მაუწყებელთან (16 ივლისი), მზადდება მემორანდუმის გაფორმება ტელეკომპანია „პულსთან“; 5). საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიასთან (13 ოქტომბერი).
გრძელდებოდა აკადემიის თანამშრომლობა საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე (30 ივნისი) განხილულ იქნა გლობალური ეკოლოგიური პრობლემები; რუმინეთის სრულუფლებიან წარმომადგენელთან რაზვან როტუნდუსთან შეხვედრაზე (11 ნოემბერი) დაისვა საქართველო-რუმინეთის ურთიერთობების კონკრეტული საკითხების შესწავლის აუცილებლობა; ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე (19 ნოემბერი) გამოიკვეთა ევროკავშირის დაინტერესება საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში და მზაობა კვლევითი პროექტებისთვის მხარდასაჭერად.
აკადემიის სახელობითი პრემიები მიენიჭათ: 1. ივანე თარხნიშვილის სახელობის აკადემიური პრემია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ჯენარო ქრისტესაშვილს, მედიცინის დოქტორ მარიამ ჭიპაშვილს მონოგრაფიისათვის „სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევები“. 2. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის აკადემიური პრემია ავტორთა ჯგუფს: აკადემიის სტიპენდიატს, პროფესორ ბუბა კუდავას (ხელმძღვანელი), დოქტორებს ნანა ბურჭულაძეს, გოჩა საითიძეს, გიორგი გაგოშიძეს, როზეტა გუჯეჯიანს, ნესტან ჩხიკვაძეს, დოქტორანტებს ნესტან ბაგაურს, ნიკოლოზ ჟღენტს, ნათია ფონიავას, ნათია ხიზანიშვილს ნაშრომთა ციკლისათვის ტაო-კლარჯეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ: ა. „ტაო-კლარჯეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“; ბ. „ტაო-კლარჯეთი. ისტორიისა და კულტურის ძეგლები. კატალოგი“; 3. ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის აკადემიური პრემია გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ავთანდილ ოქროსცვარიძეს, გეოლოგიის დოქტორ კახაბერ ქოიავას, აკადემიის წევრ-კორესპონდენტ ფერანდო მაისაძეს ნაშრომისათვის „საქართველოს გეოტურიზმის პოტენციალი, კავკასია“ – ისტორია, კულტურა, გეოლოგია, გეოტურისტული მარშრუტები და გეოპარკები; 4. გიორგი ნიკოლაძის სახელობის აკადემიური პრემია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ნიკოლოზ ჩიხრაძეს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ედგარ მატარაძესა და დოქტორ თეოდორ კრაუტჰამერს ნაშრომთა ციკლისათვის „აფეთქებისგან დამცავი სისტემა“; 5. გიორგი წერეთლის სახელობის აკადემიური პრემია აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს ნაშრომისათვის „ოდეს შავისგან თეთრის გამორჩევის ჟამი დადგება“ (ტ. I), „განთიადის განმანათებელ ღმერთს ველტვი, რათა უკუნი ღამის ბოროტებას განვერიდო“ (ტ. II); 6. რაფიელ აგლაძის სახელობის აკადემიური პრემია ქიმიის დოქტორ მზია ციცაგს, ქიმიის დოქტორ იმედა რუბაშვილს, ქიმიის დოქტორ მარიამ ჩხაიძეს, აკადემიკოს ვლადიმერ ციციშვილსა და ქიმიის დოქტორ ქეთევან ებრალიძეს ციკლისათვის „აგროსამრეწველო ნარჩენების გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიები“
ჩატარდა გამოჩენილი მეცნიერების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც, ტრადიციისამებრ, ემსახურება მეცნიერების ამა თუ იმ დარგში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და პერსპექტივების დასახვას.
მიმდინარე წელს დაწესდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უმაღლესი ჯილდო – ნიკოლოზ მუსხელიშვილის მედალი საქართველოში მეცნიერების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის. დამტკიცდა მედლის ესკიზი და ჯილდოს მინიჭების შესახებ დებულება. პირველი მედალი მიენიჭა გამოჩენილ ქველმოქმედსა და მეცენატს ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შესაბამისი განყოფილებების წარდგინებით აკადემიის საპატიო სიგელები გადაეცათ წარმატებულ მეცნიერებს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ჰიდროტექნიკის, გეოლოგიის დარგებში (სულ 28).
აკადემიის წევრები ნაყოფიერად იკვლევენ მათემატიკის, საბუნებისმეტყველო დარგების (ფიზიკის, გეოლოგიის, გეოფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიოლოგიის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის), გამოყენებითი მექანიკის, მშენებლობის, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკის, მართვის პროცესების, ქიმიური ტექნოლოგიების, ჰუმანიტარული დარგების (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, სამართალი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია) აქტუალურ პრობლემებს, რომლის შედეგები საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. მიმდინარე წელს აკადემიის წევრებმა გამოაქვეყნეს 40-ზე მეტი მონოგრაფია და სახელმძღვანელო, მათ შორის, 10 უცხოეთში; 250-ზე მეტი სტატია, მათ შორის, საზრვარგარეთის მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში 100-მდე.
აღსანიშნავია სტიპენდიატების ნაყოფიერი მუშაობა თავიანთ მიმართულებებში, ამ კუთხით არც მითითებული წლები იყო გამონაკლისი. მათ გამოაქვეყნეს საყურადღებო ნაშრომები, მიიღეს ფართო მონაწილეობა სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში. მჭიდროდ თანამშრომლობდნენ დარგის წამყვან ცენტრებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. აკადემიაში ფუნქციონირებს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო, რომელიც კოორდინაციას უწევს მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევრების საქმიანობას, სისტემატურად ატარებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებს.
წარმატებით საქმიანობდნენ აკადემიის პრეზიდიუმთან და სამეცნიერო განყოფილებებთან არსებული რედაქციები, ცენტრები, კომისიები. მიმდინარე წელს (8 ოქტომბერი) აკადემიის პრეზიდიუმთან შეიქმნა და დებულებით გათვალისწინებულ საქმიანობას შეუდგა სამედიცინო რადიოლოგიისა და ბიოლოგიურ მეცნირებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭო.
აკადემია ოპერატიულად ეხმიანებოდა თანამედროვეობის გლობალური თუ რეგიონალური ხასიათის გამოწვევებს. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ავტორთა კოლექტივის – აკად. თ. სადუნიშვილი, პროფ. გ.ხატისაშვილი, პროფ. ო. გუროვა, დოცენტები ნ. სამარსკაია და ე. ლისოვა – მიერ ქ. როსტოვში გამოცემული ორტომეული „გარემოს დაცვის ინოვაციური მეთოდოლოგია“ აკადემიკოს გ. კვესიტაძის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, პროფ. ბ. მესხისა და პროფ. ვ. ბესპალოვის საერთო რედაქციით, რომლის I ტომი ეთმობა გლობალური ეკოლოგიური პრობლემების დაძლევის ბიოტექნოლოგიურ, II ტომი კი ფიზიკურ-ენერგეტიკულ მიდგომებს. საქართველოში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ასპექტების წარმოჩენას მიეძღვნა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის (თავმჯდომარე აკადემიკოსი გ.კვესიტაძე) ერთ-ერთი სხდომა (3 დეკემბერი). ქვეყანაში შექმნილი დემოგრაფიული ვითარება და რეპროდუქტოლოგიის აქტუალური საკითხების განხილვას მიეძღვნა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს (თავმჯდომარე აკად. რამაზ ხეცურიანი) პირველი სხდომა (12 ოქტომბერი). სხდომამ აღნიშნული პრობლემების დასაძლევად შეიმუშავა სათანადო რეკომენდაციები, რომლებიც მიეწოდა ქვეყნის მთავრობას და პარლამენტს. აღნიშნული საბჭოსა და ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი კომისიის (თავმჯდომარე აკად. გ. ჯაფარიძე) ერთობლივმა სხდომამ განიხილა (17 დეკემბერი) ადრონული თერაპიის – კიბოს მკურნალობის ახალი, სწრაფად განვითარებადი და უაღრესად პერსპექტიული მიმართულების აქტუალური პრობლემები და შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები. საყურადღებოა, რომ ერთიანი საერთაშორისო საგზაო-სატრანსპორტო სისტემის დამუშავებაში მკაფიოდ იკვეთება საქართველოს როლი, რისი მოწმობაა საგზაო-სატრანსპორტო სისტემების სრულყოფისა და განვითარების პრობლემების შემსწავლელი კომისიის (თავმჯდომარე აკად. თ. შილაკაძე) ჩართულობით გამართული მაღალი დონის საერთაშორისო მრგვალი მაგიდა (7 ოქტომბერი) 21 ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომლის განხილვის საგანს წარმოადგენდა გლობალური სატრანზიტო დოკუმენტი და საბაჟო ტრანზიტის ციფრული ქსელი. მთის კომისიამ (თავმჯდომარე აკად. ა. არაბული) შეიმუშავა საქართველოს მთის რეგიონების განვითარების შესახებ კანონის სრულყოფასა და ეფექტიანობის ამაღლებასთან დაკავშირებული წინადადებების პაკეტი. ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის (თავმჯდომარე აკად. ე. ჯაველიძე) სხდომებზე განხილვის საგანი იყო გლობალიზაციის პირობებში ქართული სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გადაუდებელი ღონისძიებები, განათლების სფეროში არსებული პრობლემები და მათი დაძლევის გზები და სხვა აქტუალური საკითხები. საინტერესო შედეგები წარმოადგინა საქართველოს (კავკასიის) მოსახლეობის გენოფონდის შემსწავლელმა კომისიამ საქართველოსა და კავკასიის თანამედროვე და არქეოგენეტიკური კვლევების მიმართულებით (აკად. რ. შენგელია).
გრძელდებოდა აკადემიის საერთაშორისო კონტაქტები, აკადემიის წევრების მივლინებები საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში, რომლის შედეგები ხელშესახებია როგორც მეცნიერების, ისე ზოგადად ქვეყნის განვითარებისათვის.
აკადემიის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ უცხოური საგრანტო პროექტების შესრულებაში, მათ შორის აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და რაც მთავარია ევროგაერთიანების მიერ დაწესებულ პროექტებში.
აკადემიის წევრები ტრადიციისამებრ აქტიურად იყვნენ ჩაბმული სამამულო და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები ტრადიციულად მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საზღვარგარეთის მეცნიერებათა აკადემიებთან, სამეცნიერო, სამეცნიერო-ტექნიკურ ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო ცენტრებთან.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები განაგრძობდნენ საქმიანობას მრავალი საერთაშორისო ქართულ-უცხოური და უცხოური პერიოდული გამოცემების რედაქტორებისა თუ სარედაქციო კოლეგიების წევრების პოზიციებზე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრების ხელმძღვანელობით თბილისსა და უცხოეთში რეგულარულად გამოდის არაერთი საერთაშორისო ჟურნალი მეცნიერების სხვადასხვა დარგში, რაც გაგრძელდა გასულ წელსაც.
მიმდინარე წელს აკადემიის რამდენიმე წევრმა საბუნებისმეტყველო და ტექნიკური დარგებიდან დაარეგისტრირა ან განაცხადი წარადგინა არაერთ პატენტზე.
სისტემატურად იბეჭდებოდა „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე“ (წელიწადში ოთხი ნომერი, ინგლისურ ენაზე). ჟურნალ „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნეს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია; „საქართველოს მათემატიკური ჟურნალი“; ჟურნალი „მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში“. შექმნის პროცესშია აკადემიის „მოამბისა“ და „მაცნეს“ ისტორიის სერიის ვებგვერდები.
მიმდინარე წელს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება ჟურნალ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნეს ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების სერიის გამოცემის განახლების შესახებ.
მიმდინარე წელს არსებითად განახლდა აკადემიის სტამბის ტექნიკური აღჭურვილობა, რითაც საგრძნობლად გაუმჯობესდა ბეჭდვითი პროდუქციის პოლიგრაფიული ხარისხი.
ძირეულად განახლდა აკადემიის ვებგვერდი, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და ინფორმაციულად ტევადი გახდა. აღსანიშნავია, რომ ცალკე ელექტრონული მისამართი აქვს ჟურნალ „მოამბეს“.
აკადემიის სარედაქციო-საგამომცელო საბჭოს დადგენილებით გამოქვეყნდა 39 მონოგრაფია მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
აკადემიის მიმდინარე წლის საქმიანობის დეტალური ანალიზი მოცემული იქნება წლიურ ანგარიშში, რომელიც დამუშავების პროცესშია და დადგენილ ვადებში წარედგინება საერთო კრებას განსახილველად.