ეროვნული პრემიის ლაურეატები
- იანვარი 25, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს რამაზ ქაცარავას, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს დავით ტუღუშსა და ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატს ვახტანგ ბერიძეს სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის: „პოლიმერული ბიომიმეტიკები – ცილების ანალოგები მრავალპროფილიანი გამოყენებისათვის – დიზაინიდან კომერციალიზაციამდე“ საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 22 დეკემბრის განკარგულება # 22/12/01-ით 2021 წლის საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ.
ნაშრომთა ციკლი მოიცავს ახალი ინოვაციური მასალების – ამინომჟავური პოლიმერების, ე.წ. ბიომიმეტიკების შექმნას, მათ შესწავლას, პრაქტიკაში გამოყენებასა და კომერციალიზაციას. გაანალიზებულია ასევე ავტორთა მიერ შემუშავებული პოლიმერების სინთეზის ორიგინალური მეთოდები, რომელთა დამუშავების აქტუალობა განაპირობა ამინომჟავების საფუძველზე სასურველი სამასალე თვისებების მქონე ბიომიმეტიკების კონსტრუირების აუცილებლობამ. პოლიმერების სინთეზის ახალმა პოლიკონდენსაციურმა მეთოდებმა გამოყენება ჰპოვეს ასევე სხვა, ტექნიკური დანიშნულების (არაამინომჟავური) პოლიმერების მისაღებად, რომლებიც ადრე მიიღებოდა ტრადიციული პოლიკონდენსაციური მეთოდებით, რაც მეტყველებს ახალი მთოდების უნივერსალურობაზე; სიახლე დაცულია საქართველოს 11, აშშ-ის 13, ჩინეთის 2 და კანადის 1 პატენტი, წარდგენილია 6 PCT განაცხადი.