საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება
- თებერვალი 22, 2022
ბოლო რამოდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები. კერძოდ, საკითხი ეხება ა.წ. 22 იანვარს ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის თეიმურაზ ფაჩულიას მიერ გაკეთებული მოხსენების „ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმები“ შესახებ ინფორმაციას. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში მოცემული დებულებები, მათ შორის მოხმობილი ამონარიდები არის მოხსენების ტექსტიდან და არ წარმოადგენს არც კომისიის, მით უმეტეს არც მეცნიერებათა აკადემიის პოზიციას. მიუხედავად ამისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აღნიშნულთან დაკავშირებით გამოხატავს წუხილს და მიიჩნევს, რომ არ უნდა მოხდეს აკადემიის ვებ გვერდზე ისეთი ტექსტის გამოქვეყნება, რომლის ყველა დებულება კონტექსტის გარეშე ერთმნიშვნელოვანი გაგების საშუალებას არ იძლევა. ამასთან, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თვლის, რომ მიუღებელია ეროვნული აკადემიის საქმიანობის მნიშვნელოვანი შედეგებიდან გამომდინარე, მისი ავტორიტეტის დაუმსახურებლად შელახვა მაშინ, როდესაც აკადემია ღიაა ყველა აზრის მოსასმენად, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც საქმისთვისა და ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო.