აგრარული ლექსიკონის ახალი გამოცემა
- მარტი 22, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მომზადდა და გამოიცა აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილის 6-ენოვანი აგრარული ლექსიკონი ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, რომელშიც მოცემულია აგრარული სექტორის ყველა დარგის ტერმინები და რომელთა გამოყენება შესაძლებელია არა მარტო როგორც სისტემატიზირებული ლექსიკონი, არამედ როგორც ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონიც.
მე-7 ენაზე ლათინურად მოცემულია ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნების სახელწოდებათა ლათინური სახელები, რომლებიც განლაგებულია ლექსიკონის გამჭოლი დანომვრით და აადვილებს სახელების ძებნას ექვსივე ენაზე. ლექსიკონი შედგენილია ე.წ. “შემდეგი”-ს სისტემით, რაც ამარტივებს ტერმინების ძებნის პროცესს. ლექსიკონი თავის თავად უნიკალურია და მასში 7 ენაზე ტერმინთა საერთო რაოდენობა წარმოდგენილია 80 ათასამდე სიტყვით და განმარტებით.
ლექსიკონის წინამდებარე მეოთხე განახლებული გამოცემა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ლექსიკონის შემდგენელი მადლობას უხდიან ამ გამოცემის დამფინანსებლებს და გამომცემლობის თანამშრომლებს.