როგორ გვმართებს „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მოხსენიება

როგორ გვმართებს „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მოხსენიება

  • მარტი 29, 2022

2022 წლის 25 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი წარსდგა მოხსენებით: „როგორ გვმართებს „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მოხსენიება“.

სხდომას თავმჯდომარეობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.

სხდომას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ქალბატონი ნინო ოკრიბელაშვილი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგისა და ეპილოგის თანახმად, პოეტი ოთხჯერ წარმოგვიდგენს საკუთარ თავს, როგორც „რუსთველს“.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორი თავის საკუთარ სახელს პოემაში არ გვიმხელს, „შოთა“, როგორც პოეტის სახელი, მკვიდრდება XVII საუკუნის 20-იანი წლების ბოლოდან იმ ცნობაზე დაყრდნობით, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში საერო პირის ფრესკის გასწვრივ ასომთავრულით შესრულებული წარწერა შეიცავს სახელებს „შოთა“ და „რუსთველი“.

მიუხედავად იმისა, რომ მონასტერში არსებული მასალის ირგვლივ მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა, ხოლო ფრესკისა და წარწერის ავთენტურობა არაა დადგენილი, დღემდე პოეტს მოვიხსენიებთ სახელით „შოთა“.

XVIII საუკუნეში ანტონ I კათალიკოსი საკუთარ გრამატიკულ მოსაზრებებზე დაყრდნობით „რუსთველის“ ნაცვლად არამართებულად ხმარობს „რუსთაველს“. XX საუკუნის მიწურულს ანტონ I-ის ვარიანტს მკაცრი კრიტიკით აღუდგა წინ აკაკი შანიძე, რომელსაც მხარში ამოუდგა დარგის არაერთი ავტორიტეტი, თუმც მათი ხმა გაისმა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

ფორმა „რუსთაველის“ შემოღებამ და დამკვიდრებამ კიდევ უფრო განამტკიცა თქმულება და აზრი იმის თაობაზე, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი წარმოსდგებოდა ან განაგებდა რუსთავს, იქნება ეს სოფელი მესხეთში, თუ თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქი, რაც მეცნიერულად დღემდე ვერ დასტურდება. პოემის ეპილოგი ნათლად მოწმობს რუსთველის მესხურ წარმოშობას, რადგან აქ ვკითხულობთ: „ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა“, მაგრამ კონკრეტულ ტოპონიმზე არც აქ და არც სხვაგან მინიშნება არ არის.

ამდენად, XVII საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, XII-XIII საუკუნეების გენიალური ძეგლის ავტორის სახელი სამი ვარიანტითაა ცნობილი: რუსთველი, შოთა რუსთველი და შოთა რუსთაველი.

მოხსენება მიზნად ისახავდა, კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით, სინათლის შეტანას საკითხში, თუ რომელი სახელით გვმართებს „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მოხსენიება.

აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა სტილისტიკურ-სემანტიკური ანალიზის მეშვეობით ცხადყო, რომ  საუკუნეების მანძილზე პროლოგის მე-8 სტროფის პირველი ფრაზა „მე, რუსთველი ხელობითა“ არასწორად იყო ინტერპრეტირებული იმ თვალსაზრისით, რომ აქ სიტყვა „ხელობა“ ძირითადად განიხილებოდა, როგორც რუსთავთან დაკავშირებული საქმიანობა. ამ დროს, სტროფის კონტექსტი, საკუთრივ, ლექსის თეორიისადმი მიძღვნილი დიდი ნაწილი პროლოგისა, მოწმობს იმას, რომ ხელობაში მხოლოდ პოეტური ხელოვნება და პოეტის საქმიანობა იგულისხმება. ამიტომაც იტყვის რუსთველი მე-6 სტროფში: „აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება“. ამდენად, პოეტს სახელოდ და სამართავად ჰქონდა არა რუსთავი, არამედ, პოეზიის დიდი სამყარო, როგორც მშვენიერებისა და სიბრძნის საღმრთო დარგი:

შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,

საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი.

 

ამასთანავე, აღმოჩნდება, რომ მე-8 სტროფი შეიცავს კრიპტოგრამას, რომლის ფარული სიმბოლიკა დამატებით მიანიშნებს პოეტის მრწამსსა და კვლევის შედეგად მიღებულ არაერთ დასკვნაზე.

მომხსენებლის აზრით, „რუსთველი“ არის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის ლიტერატურული ფსევდონიმი, რომელიც არ საჭიროებს მასთან ერთად საკუთარი სახელის ხმარებას. თუ „შოთა“ იყო პოეტის საერო სახელი, რისი სრული უარყოფის საფუძველი დღეს მეცნიერებას არ გააჩნია, პოეტი არსად მიგვანიშნებს ამაზე, მაგრამ საკუთარ თავს მხოლოდ ერთი სახელით წარმოგვიდგენს. ეს სახელი გახლავთ „რუსთველი“, რომელსაც, როგორც პოეტის წმიდათაწმიდა ანდერძს, შენარჩუნება და ფართო ხმარებაში დაბრუნება ეკუთვნის.

მოხსენების დასასრულს, აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა როინ მეტრეველმა, ელგუჯა ხინთიბიძემ, ელიზბარ ჯაველიძემ, ვალერი ასათიანმა და ავთანდილ არაბულმა.