ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მარტი 30, 2022

2022 წლის 24 მარტს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე განხილულ იქნა სსიპ სამთო ინსტიტუტის დირექტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ნიკოლოზ ჩიხრაძის მოხსენება თემაზე: „აფეთქების ტექნოლოგიები: პრობლემები, მიღწევები, პერსპექტივები“.

აღინიშნა, რომ აფეთქების ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება როგორც სამოქალაქო ინჟინერიაში, ასევე თავდაცვის სფეროში. კვლევები ამ მიმართულებით გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მიმდინარეობს სამთო ინსტიტუტში, აშენდა მსოფლიოში უნიკალური  მიწისქვეშა ნახევრად საწარმოო ასაფეთქებელი კომპლექსი, რომლის დასრულება განხორციელდა 2005-2018 წლებში ნატოს სამეცნიერო პროგრამით დაფინანსებული პროექტებით.

აფეთქების ტექნოლოგიების კვლევების ფარგლებში:

  • შემუშავდა და გამოიცადა შახტებში გაზისა და მტვრის აფეთქებებისგან დამცავი ავტომატური სისტემა, რომელიც შედგება აფეთქების დეტექტორებისა და ენერგიის ჩამხშობი მოდულისგან; მიღებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პატენტი გამოგონებაზე;
  • შეიქმნა სტენდი, რომელიც საშუალებას იძლევა ბუნებრივ პირობებში დადგინდეს კონსტრუქციული ელემენტის რეაქცია აფეთქებით გენერირებულ დინამიკურ დატვირთვებზე – შედეგები გამოიყენება ფეთქებადი მასალების საცავებისა და სპეციალური დანიშნულების ნაგებობების საპროექტო პარამეტრების გაანგარიშებისას;
  • დამუშავდა აფეთქებით ლითონების შედუღების, გამტკიცების და ფხვნილების კომპაქტირებით მაღალენტროპიული, ნანოსტრუქტურული კომპოზიტების მიღების ინოვაციური სქემები – კონკრეტული კომპოზიციებისთვის დადგინდა ოპტიმალური რეჟიმები;
  • მიმდინარეობს კვლევები აფეთქებითი შედუღებით მრავალფენიანი საჯავშნე გრადიენტული ფილების მისაღებად;
  • შეიქმნა ჯავშანმანქანის კორპუსის ფიზიკური მოდელი, ბუნებრივ პირობებში აფეთქებისას მისი ჯავშნის ეფექტიანობის შესაფასებლად.

მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია; დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. კვესიტაძემ, აკადემიკოსებმა რ. ხუროძემ, თ. შილაკაძემ, თ. ნატრიაშვილმა, ლ. ჯაფარიძემ, აკად. წევრ-კორესპონდენტმა ა. დიდებულიძემ, პროფესორებმა რ. თურმანიძემ,  ა. ფეიქრიშვილმა, ნ. ბოჭორიშვილმა, რომლებმაც დადებითად შეაფასეს შესრულებული სამუშაოები.