ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
- მაისი 15, 2022
ბედისწერის დანაღმულ ველზე
დღემდე უცნობი ქართველი ავტორის, კატი (ეკატერინე-ჩიჩი) დადეშქელიანის (1890-1977) მემუარების ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა, ჩვენი კულტურულ-სამეცნიერო და ლიტერატურული ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენაა, სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნა მეცნიერებათა აკადემიაში, მიმდინარე წლის 5 მაისს გამართული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო მწერლისა და მთარგმნელის ქეთევან ტომარაძის წიგნის – კატი დადეშქელიანის „თავადის ქალი მუნდირში“ განხილვა.
კატიმ მემუარები საფრანგეთში, ფრანგულად დაწერა და 1934 წელს ლონდონში, ინგლისურად გამოაქვეყნა. ფრანგულად კატის მოგონებებს დღის სინათლე არასოდეს უხილავს.
წიგნის პოპულარობის მიუხედავად, კატი დადეშქელიანის მოგონებები ხელმეორედ არ გამოცემულა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის შემდეგ იგი ამერიკელი რომანისტის, ჰარინგტონისა და ნიდერლანდელი დრამატურგის, ერიკა ბლოკის შთაგონების წყაროდ იქცა. კატი დადეშქელიანი, როგორც პირველი მსოფლიო ომის მონაწილე გმირი ქალი, გიორგის ორი ჯვრის კავალერი, დასავლეთში პოპულარულ სამხედრო ლიტერატურასა და ენციკლოპედიებში ისეთი სახელოვანი მწერლების გვერდით არის მოხსენიებული, როგორებიცაა მაგ.: სომერსეტ მოემი, ერნესტ ჰემინგუეი, ჰარი კროსბი, ჯულიან გრინი, სიდნეი ჰოვარდი და სხვები.
ემიგრანტი ქალის მემუარები, სახელწოდებით „თავადის ქალი მუნდირში“ მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებად არის მიჩნეული. აღნიშნული ტექსტი, ქართული კრიტიკის მიერ, უკვე შეფასდა როგორც დოკუმენტური რომანი, რომელშიც გასული საუკუნის პირველი მეოთხედის ისტორიული სურათები ზუსტად და შეულამაზებლად არის დახატული. მოგონებებში გვხვდება ეპიზოდები, რომლებიც თავისი სტრუქტურითა და ლიტერატურული გააზრებით იმდენად ოსტატურად არის დაწერილი, მას გამოცდილი ბელეტრისტიც კი უყოყმანოდ მოაწერდა ხელს.
კატის მოგონებებში აღწერილია ბალს ქვემო სვანეთის დადეშქელიანთა მცირე საგვარეულო შტოს ისტორია. კერძოდ, თენგიზ დადეშქელიანის მრავალშვილიან ოჯახში დატრიალებული ამბავი, რამაც კატი დადეშქელიანის პირადი ცხოვრება დრამატულად განსაზღვრა. ფეოდალური დაპირისპირება და მემკვიდრეობის გადაცემის მაიორატული ადათ-წესი, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და კატის მამის დაპირისპირება სოციალ-დემოკრატების გარკვეულ ფრთასთან, ერთგვარ მსხვერპლშეწირვის აქტად იქცა, რამაც კატის უსაყვარლესი მამა დააკარგვინა. ხოლო მამის სიკვდილს დედის ტრაგედიაც მოჰყვა – ცრუ ბრალდებით, ბაბილინა ერისთავი ციხეში აღმოჩნდა. კატის ირგვლივ განვითარებულმა ამბებმა ენერგიული, ნიჭიერი, სწავლას მოწყურებული ქალი აიძულა, მამაკაცის მუნდირში გამოწყობილიყო და ჯემალ დადეშქელიანის სახელით ებრძოლა. მიმზიდველი გარეგნობის, დახვეწილი მანერების, უშიშარი „ყმაწვილის“ მიმართ ბევრი ქალი აშკარა, დაუფარავი სიყვარულის გრძნობით განიმსჭვალა.
სათავგადასავლო ეპიზოდები კატი დადეშქელიანის მოგონებებს მნიშვნელოვნად ავსებს და ზუსტი ფსიქოლოგიური მიგნებებით დატვირთულ სოციალურ გარემოში ამოგზაურებს მკითხველს.
კატის მემუარები ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის ქართული სამხედრო არისტოკრატიის მონაწილეობაზე პირველ მსოფლიო ომში. კავკასიის ხალხების ერთიანობის განცდით დაწერილი „მოგონებების“ ცალკეულ თავებში „ველური დივიზიის“ თათართა პოლკში მებრძოლის საუკეთესო თვისებებია წარმოჩენილი. მემუარებში სვანი გმირი ქალი ჭეშმარიტ ქრისტიანად გვევლინება. ტოლერანტობა, პრინციპულობა, ორგანიზაციული ნიჭი, გონიერება, კეთილშობილება, თანადგომის უნარი და მიმტევებლობა კატი დადეშქელიანის ბუნებრივი, თანდაყოლილი თვისებები, ოფიცრებისა და უბრალო მებრძოლთა საერთო აღფრთოვანებას იწვევს.
ქართველმა ქალმა, კატი დადეშქელიანმა ბედისწერის დანაღმულ ველზე თავაწეულმა, გმირული შემართებით იარა და ღირსეულად ჩააბარა არაერთი უმძიმესი ცხოვრებისეული გამოცდა.
ალექსანდრესა და ბაბილინას უფროსი შვილი, კატი დადეშქელიანი, თავისი ხუთი და-ძმის გარდაცვალებას მოესწრო. მან პარიზთან ახლოს, 87 წლის ასაკში დალია ტანჯული სული.