შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრებთან
- დეკემბერი 4, 2025
მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობის შეხვედრა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრებთან. შეხვედრას აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი უძღვებოდა; მან ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და შემდგომ საქმიანობაში მათ სრული მზაობა გამოუცხადა.
შეხვედრაზე ახალგაზრდებს სიტყვით ასევე მიმართეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ, მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა გიორგი ჯაფარიძემ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა თინათინ სადუნიშვილმა, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ლია მელიქიშვილმა, ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხეცურიანმა და აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო 2014 წელს შეიქმნა; საბჭოს მიზნები და ამოცანებია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია, საზღვარგარეთ სამეცნიერო ცენტრებთან ახალგაზრდა მეცნიერთა კონტაქტების დამყარებისა და გაფართოების ხელშეწყობა, სტუდენტების ჩაბმა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: თავმჯდომარე, მოადგილეები, სწავლული მდივანი და ცალკეული ახალგაზრდა მეცნიერები.
ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრები არა მხოლოდ თბილისში მოღვაწე მეცნიერები, არამედ საქართველოს რეგიონების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, კერძოდ – ბათუმის შოთა რუსთაველის, ქუთაისის აკაკი წერეთლის, გორის, სამცხე-ჯავახეთის და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები არიან.
შეხვედრაზე ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა აკადემიის სტიპენდიატი, ფილოლოგიის დოქტორი ზურაბ ბარათაშვილი, ხოლო მოადგილეებად: აკადემიის სტიპენდიატი, მათემატიკის დოქტორი გიორგი ტეფნაძე და ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია.
შეხვედრის ბოლოს დაისახა აკადემიასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
