ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- მაისი 26, 2022
2022 წლის 20 მაისის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს რამაზ ქაცარავას მოხსენება: „პოლიმერული ბიომიმეტიკები – დიზაინი და პრაქტიკული გამოყენება“, რომელიც მიეძღვნა ინოვაციური მასალების – ამინომჟავური პოლიმერების, ე.წ. ბიომიმეტიკების შექმნას, შესწავლასა და კომერციალიზაციას. აღინიშნა, რომ სინთეზური პოლიმერების მნიშვნელოვანი ნაკლია მათი მდგრადობა ქიმიური თუ ბიოლოგიური დაშლის მიმართ, რაც წარმოადგენს სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს, რის გამო სინთეზურ პოლიმერებზე მოდის გარემოს ანთროპოგენური დაბინძურების მნიშვნელოვანი წილი, ამიტომ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ისეთი მასალების შექმნა, რომლებიც არიან ეკოლოგიურად მეგობრული, ანუ დეგრადირდებიან დაკისრებული ფუნქციის შესრულების შემდეგ.
ბიოდეგრადირებად პოლიმერებს კაცობრიობა კარგა ხანია იცნობს და იყენებს. ეს არის ბუნებრივი წარმოშობის პოლიმერები – უპირველესად პოლისაქარიდები და ცილები (პროტეინები), რომელთა დადებითი თვისებაა ბიოდეგრადაციისას უჯრედების საკვები α-ამინომჟავების გამოთავისუფლება და მათი მაღალი თავსებადობა ცოცხალ ქსოვილებთან. მაგრამ ამ დადებით თვისებებთან ერთად, ბუნებრივ პროტეინებს ახასიათებთ ისეთი ნაკლი, როგორც ცხოველისგან დაავადების გადატანის რისკი და მაღალი იმუნოგენურობა.
გასული საუკუნის 60-70-იან წლებიდან ყურადღებას იპყრობს ბიოდეგრადირებადი სინთეზური პოლიმერები (ბსპ), რომელთა პირველი წარმომადგენლები განეუთვნება პოლიესტერულ (პე) კლასს. პე-ები თავისუფალია პროტეინებისთვის დამახასიათებელი შეზღუდვებისგან, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან მათ ქსოვილებთან თავსებადობის უნარით და დაბალი მკვებავი პოტენციალით. გაცილებით პერსპექტიულია ე.წ. ბიომიმეტიკური პოლიმერები – პროტეინების სინთეზური ანალოგები α-ამინომჟავების საფუძველზე, რომლებსაც გააჩნიათ სინთეზური პოლიმერების ყველა ღირსება, ამასთან α-ამინომჟავების შემცველობის გამო ახასიათებთ პროტეინების უმნიშვნელოვანესი თვისება – მაღალი თავსებადობა ქსოვილებთან და უჯრედების მკვებავი პოტენციალი. შესწავლილია ბიომიმეტიკების ოთხი ძირითადი ოჯახი: პოლიამინომჟავები, ფსევდო-პოლიამინომჟავები, პოლიდეფსიპეპტიდები და ფსევდო-პროტეინები (ფპ); ეს ბოლო ბიომიმეტიკების ახალი და გამორჩეული ოჯახია, „ქართული წარმოშობის“ ბიოდეგრადირებადი პოლიმერებია. ფპ-ის უპირატესობა არის მიღების მარტივი და ეკო-მეგობრული ტექნოლოგია, ფიზიკო-მექანიკურ, ფიზიკო-ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებათა ფართო სპექტრი, რაც თავის მხრივ განაპირობებს ფპ-ის გამოყენების მაღალ პოტენციალს. ფპ წარმატებით ვრცელდება როგორც საქართველოში, ასევე კანადაში, ჩინეთში, აშშ-ში, ჰოლანდიასა და ვიეტნამში, რაც ამ ბიოსამედიცინო მასალების ფართო კომერციალიზაციის წინაპირობაა.
მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია; დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსებმა რამაზ ხუროძემ, რამაზ ხეცურიანმა, ვლადიმერ ციციშვილმა, რამაზ გახოკიძემ, პროფესორმა ზურაბ ლომთათიძემ, რომლებმაც აღნიშნეს ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელოვანი წვლილი მეცნიერების განვითარებაში.