
ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივნისი 29, 2025
2025 წლის 24 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც განხილული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტის უფროსის ზურაბ საბაშვილის მოხსენება: ,,არაწონასწორული (ცივი) პლაზმური ტექნოლოგიები’’.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დაბალი წნევის არაწონასწორული (ცივი) პლაზმის გამოყენება, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა ბიოტექნოლოგიები, აგრონომია, სტერილიზაცია, მედიცინა და სხვ. განპირობებულია მისი დაბალი ტემპერატურით (ოთახის ტემპერატურიდან რამდენიმე ათეულ გრადუსამდე) და შემადგენელი კომპონენტების ფართო სპექტრით. აქედან გამომდინარე პლაზმა წარ-მოადგენს ქიმიური რეაქციების ეფექტურ წყაროს. სწორედ ამიტომ, პლაზმა ხასიათდება ბიოლოგიურ ქსოვილებზე ბაქტერიოციდული ზემოქმედებით და მიკროორგანიზმების ინაქტივაციით. ამავე დროს, პლაზმის ენერგეტიკული პარამეტრების სწორედ შერ-ჩევისას, უზრუნველყოფილია მისი ლოკალური ზემოქმედება თერმული და მექანიკური დაზიანების გარეშე. დღეს პლაზმაწარმომქმნელ აირად გამოიყენება ატმოსფერული წნევის ჰაერი, არგონი, აზოტი, ან აირთა ნარევები. განმუხტვის შედეგად მიიღება ისეთი ქიმიურად აქტიური რეაგენტები, როგრიცაა O3, NO, NO2, HO, H2O2. მეტაბოლიზმის პროცესებში დიდ როლს თამაშობს ჟანგბადი, რომლის მეშვეობით მიიღება ბაქტერიების გამანადგურებელი რეაქტიული გამჟანგველები, პლაზმის ბაქტერიოციდულ ზემოქმე-დებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ულტრაიისფერ გამოსხივებას. პლაზმის ენერგე-ტიკული და ფიზიკო-ქიმიური თვისებები დამოკიდებულია პლაზმაწარმომქმნელი გარემოს შერჩევაზე.
მომხსენებლის აზრით კვლევის მთავარ მიზანს წარამოადგენს გამოყენებულ და შესწავლილი იქნას ბაქტერიოციდული თვისებების და მდიდარი ბიოლოგიურად აქტიური მაკრო და მიკროელემენტების მქონე ხსნარების ორთქლის ფაზაში გენერირებული ცივი პლაზმა, ბაქტერიოციდული ხსნარების ან მათი ნარევის ორთქლის ფაზაში გენერირებული არაწონასწორული (ცივი) პლაზმა, რომლის შედგენილობა განსაზღვრავს მისი გამოყენების ეფექტურობას აგრონომიაში, მედიცინაში და სხვ.
მოხსენება მოიწონა და მომხსენებელს წარმატებები უსურვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დასკვნითი სიტყვით მიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის თავმჯდომარემ,აკადემიის გენერალურმა მრცეველბა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე. სხდომას ესწრებოდნენ: ცენტრის წევრები, პროფესორები, დარგის სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები.
მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. გამომსვლელების მიერ აღინიშნა, რომ თემატიკა ინტერდისციპლინარული ხასიათისაა და მოითხოვს ქიმიური, ბიოლოგიური, ფიზიკური და საინჟინრო კვლევების ჩატარებას და რომ კვლევები ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.