ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივლისი 1, 2022
2022 წლის 27 ივნისის სხდომაზე განხილული იქნა ფირმა „EMCoS LLC“-ის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ფაიკ ბოგდანოვის მოხსენება „ელექტრომაგნიტური გამოსხივების, გაბნევისა და ანტენური ამოცანების მოდელირება სინგულარული ინტეგრალური განტოლებების ამოხსნის ინოვაციური რიცხვითი მეთოდების გამოყენებით“.
მოხსენებაში აღინიშნა, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივების, გაბნევისა და ანტენების მოდელირების პრობლემა, როგორც წესი, უკავშირდება ელექტროდინამიკის სასაზღვრო ამოცანებს, რაც ნიშნავს, რომ ის, ზოგად შემთხვევაში, დაიყვანება მაქსველის განტოლებათა სისტემის ამოხსნაზე შესაბამისი სასაზღვრო პირობების გამოყენებით, საზოგადოდ ორი, განსხვავებული გარემოს გამყოფი ზედაპირისათვის. ეს მოითხოვს, ყოველ კერძო შემთხვევაში, კონკრეტული მათემატიკური ამოცანის ჩამოყალიბებას და მისი ამოხსნის მეთოდოლოგიის შემუშავებას და პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია რიცხვითი მეთოდების გამოყენება. განხილულ იქნა სასაზღვრო ამოცანების ამოხსნის თანამედროვე მიდგომები, რომლებიც ეფუძნება სასაზღვრო ამოცანის ინტეგრალურ ფორმულირებას მომენტების მეთოდის (MoM) გამოყენებით და დაიყვანება შესაბამისი სინგულარული ინტეგრალური განტოლებების ამოხსნაზე.
მოხსენებაში ასევე გამოიკვეთა სხვადასხვა გამოყენებითი პრობლემის გადაწყვეტა MoM-დაფუძნებული კონკრეტული ინოვაციური მეთოდებით, რომლებიც შემუშავებულია შპს EMCoS-ში რომან ჯობავას ხელმძღვანელობით. შექმნილია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩართულია პროგრამულ პაკეტში “EMCoS Studio” და გამოიყენება კვლევისათვის, მოდელირებისა და კონსულტაციებისთვის მომხმარებლების მიერ გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, თურქეთსა და სხვ. პროგრამა გამოიყენეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებმა საგნის „ანტენების კომპიუტერული მოდელირება“ შესასწავლად.
კვლევის მასალები გამოქვეყნებულია 60-მდე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემაში, აგრეთვე წიგნის თავში „Computational Techniques for Automotive Antenna Simulations“: New Trends and Developments in Automotive System Engineering, 2011, გვ. 585-609.
მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია; დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა რ. ხუროძემ, გ. ჯაფარიძემ, ვ. ციციშვილმა, პროფესორებმა რ. ზარიძემ, ა. დიდებულიძემ, ი. კაკუბავამ, გ. ყიფიანმა, ზ. ლომთათიძემ, რ. ქავთარაძემ, დ. ქარქაშაძემ. აღინიშნა ჩატარებული სამუშაოს აქტუალობა და შეტანილი დიდი წვლილი დარგის განვითარებაში. განხილული ინოვაციური რიცხვითი მეთოდები იძლევა ეფექტიანი კომპიუტერული მოდელირების შესაძლებლობას ანტენების პრობლემების ფართო სპექტრის რადიოსიხშირულ და მიკროტალღურ დიაპაზონში, აგრეთვე რთული გეომეტრიის გამტარ, დიელექტრიკულ და კომპოზიტურ სტრუქტურებისთვის გადასაწყვეტად.