ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ივლისი 26, 2022
2022 წლის 19 ივლისის სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, – პროფესორ რაულ თურმანიძის მოხსენება თემაზე: „მექატრონული სისტემების საექსპლუატაციო მახასიათებლების როლის კვლევა „ინდუსტრია-4.0“-ით გათვალისწინებული რეფორმების დაჩქარების საქმეში“.
მოხსენებაში აღინიშნა, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს მეოთხე სამეცნიერო ტექნიკური რევოლუცია, რომელიც ცნობილია შემოკლებული დასახელებით „ინდუსტრია-4.0“, რომლის საბოლოო მიზანია რთული საწარმოო-ტექნოლოგიური და ადმინისტრაციულ-ფინანსური ოპერაციების სრული ავტომატიზაცია და მათი დისტანციური მართვა სუპერთანამედროვე მექატრონული სისტემების მეშვეობით, რაც საჭიროებს ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების შექმნას და ამავე დროს, მათ უზრუნველყოფას სათანადო მოთხოვნების მქონე ჩარხებით, მოწყობილობებით, ინსტრუმენტებითა და აღჭურვილობებით.
ანალოგიური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა „პრეციზიული მიკროიარაღების კონსტრუირებისა და დამზადების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია“. განხორციელდა რადიოელექტრონული აპარატურის საპასუხისმგებლო კვანძებისა და დეტალების დამზადებისთვის საჭირო პრეციზიული ინსტრუმენტების კლასიფიკაცია ჯგუფებად და თითოეული ჯგუფისთვის შემუშავდა დამზადების ინოვაციური ტექნოლოგიები, შედეგად შეიკრა სრული საწარმოო ციკლი სათანადო აღჭურვილობით. აღნიშნული ბაზა აქტიურად გამოიყენება უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე. შეიქმნა სხვადასხვა მიკროიარაღები, რომლებიც გამოიყენება საქართველოსა და სხვა ქვეყნების საწარმოებში.
მნიშვნელოვანია რადიოელექტრონული აპარატურის ინტენსიური მინიატურიზაციით გამოწვეული პრობლემების გადაწყვეტა. ამაზე ნათლად მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ თუ 2000-იან წლებამდე მზადდებოდა ძირითადად ორმხრივი ანუ ორფენიანი ნაბეჭდი პლატები და პრობლემა იყო დაახლოებით 1 მმ დიამეტრის მქონე სალი შენადნობის ბურღების დამზადება პლატებში თითოეული წარმოებისთვის მილიონობით ნახვრეტის მისაღებად, დღეს პლატების ფენების რაოდენობამ გადააჭარბა 40-ს, ხოლო ზოგიერთი ნახვრეტის დიამეტრი 0.1 მმ-მდე შემცირდა. ასეთი ნახვრეტების შესასრულებლად ვარგისია მხოლოდ სალი შენადნობის სპირალური ბურღი და თუ წარმოვიდგენთ აღნიშნული ბურღების დამზადების ტექნოლოგიას და შემდგომ 40 ფენიანი პლატების და მათი პაკეტების ბურღვის პროცესს, ნათელი ხდება ამგვარი პრობლემების გადაწყვეტის სირთულე მინიატურიზაციის ყოველ შემდგომ ეტაპზე – საჭირო ხდება ახალი მასალები, ტექნოლოგიები და მოწყობილობები.
ლაბორატორიაში შექმნილი პრეციზიული მიკროიარაღების და ტექნოლოგიური აღჭურვილობის ინოვაციური კონსტრუქციები დაცულია საქართველოს და სხვა ქვეყნების 50-მდე პატენტით, ხოლო სამეცნიერო კვლევების შედეგები წარდგენილია მრავალ საერთაშორისო კონფერენციაზე და გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.
ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე, შემოთავაზებულ იქნა საპროექტო წინადადება – „მრავალპროფილიანი საწარმოო-სამეცნიერო-სასწავლო ჰოლდინგი“ სათანადო დოკუმენტაციის პაკეტებით, რაც ითვალისწინებს სამანქანათმშენებლო, ენერგეტიკული და მექატრონული მოწყობილობების დამამზადებელი ხუთი დამოკიდებული საწარმოს შექმნას, რომლებიც იმოქმედებენ ერთ კომპლექსში და პირველ რიგში იზრუნებენ ერთმანეთის პრობლემების გადაწყვეტაზე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა რ. ხუროძემ, რ. ხეცურიანმა, თ. შილაკაძემ, თ. ნატრიაშვილმა, ქ. ყაჭიაშვილმა; პროფესორებმა: პ. კერვალიშვილმა, გ. არაბიძემ, ა. დიდებულიძემ; ცნობილმა სპეციალისტებმა: ა. ხოფერიამ და ა. საყვარელიძემ. დაადგინეს: დადებითად შეფასდეს პროფესორ რ. თურმანიძისა და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევები და გაწეული მუშაობა, საპროექტო წინადადების მომზადების და დაფინანსების წყაროების მოძიების მიმართულებით.