სომხეთის დელეგაციის ვიზიტი აკადემიაში
- აგვისტო 11, 2022
10 აგვისტოს აკადემიას ესტუმრა 7 კაციანი დელეგაცია სომხეთიდან განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრის მოადგილის ბატონი არტურ მარტიროსიანის ხელმძღვანელობით. ჩამოსულ სტუმრებს ახლდა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ნუნუ მიცკევიჩი. შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ.კვესიტაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველო-სომხეთის 20 წლიან ინტენსიურ მეცნიერულ თანამშრომლობაზე. ბ-ნმა ა.მარტიროსიანმა ქართველ მეცნიერებს გააცნო თავისი ხედვა მეცნიერების უფრო მეტი პოპულარიზაციის კუთხით. მან თქვა, რომ მეცნიერებს ისეთივე მხარდაჭერა და პოპულარობა სჭირდება, როგორც შოუბიზნესს, სპორტს ხელოვანებს და ა.შ.
სტუმართა შორის იმყოფებოდა მეცნიერებათა დოქტორი გარიკ ისრაელიანი, რომელიც ამჟამად არ წარმოადგენს სომხეთის მეცნიერებას, რადგან უკვე 30 წელია ესპანეთში უდიდეს ობსერვატორიაში მუშაობს. იგი 20 წელია ჟურნალ Nature-ის სტატიებს არედაქტირებს.
სტუმრებმა ასევე ისაუბრეს STARMUS-ის გლობალური ფესტივალზე, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ შემდგარიყო კომუნიკაცია მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის და ერთად მოეყარა თავი პლანეტის ბრწყინვალე გონებათათვის. რიგით მეექვსე ფესტივალი გაიმართება 2022 წლის 5-10 სექტემბერს ერევანში, სომხეთი. ფესტივალის მიზანია მკვლევართა მომავალი თაობის განათლება, შთაგონება და აღმოჩენათა სულის გამოღვიძება. ხელოვნების, მუსიკისა და მეცნიერების ერთად თავმოყრით ფოკუსირება ხდება კომუნიკაციის გაზრდაზე.
ყველა ფესტივალი, რომელიც იმართება ჯადოსნურ გარემოში, ღია ცის და ვარსკვლავების ქვეშ, სამეცნიერო მიღწევების აღნიშვნის, კავშირების გაბმისა და ახალი თანამშრომლობის წამოწყები კარგი საშუალებაა.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს და ბოლოდროინდელ მიღწევებზე წარმოადგენენ მოხსენებებს მსოფლიოში ცნობილი 40-მდე წარმომადგენელი ასტრონომიიდან, ფიზიკიდან, ქიმიიდან, კოსმოსური და მოწინავე ტექნოლოგიებიდან და ასევე სხვა მონათესავე სფეროებიდან. მათ შორის იქნებიან NASA-ს ოფიციალური წარმომადგენლები, ნობელის პრემიის ლაურეატები, პროფესორები და მკვლევრები, როგორებიც არიან: კიპ თორნი, ტონი ფადელი, ჩარლს ბოლდენი, ჯიმ ბაგიანი, ჯილ ტარტერი, ადამ რისი.
მუსიკა STSARMUS-ის განუყოფელი ნაწილია. ხელოვნება და მუსიკა ხელს უწყობს სამეცნიერო მიღწევებს შორის კომუნიკაციის ჩამოყალიბებას. პროგრამაში ერთმანეთშია გადახლართული კონცერტი და მოხსენებები. მუსიკალური სფეროდან წარმოდგენილი იქნებიან ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან: რიკ უეიკმენი, დერეკ შერინიანი, ანდრეი მაკარევიჩი, სერჟ თანქიანი, Sons of Apollo, ტიგრან ჰამასიანი, დევიდ ზამბუკა, პოლ ფრანკლინი, ოლივერ ჯეიმსი და მონსერატ მარტი.
ვიზიტად მყოფმა სტუმრებმა ზემოაღნიშნულ ფესტივალზე ქართველი მეცნიერები მიიწვიეს.
ქ-მა ნ.მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ ჩვენი სახელმწიფო ევროპულ პროგრამებში 2 მილიონ ევროს დებს და მოუწოდა ქართველ მეცნიერებს მათში ჩართვა.