
აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი – 120
- სექტემბერი 30, 2025
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომით აღინიშნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და ცნობილი ეკონომისტის, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილე.
დიდი ადამიანები მხოლოდ სიცოცხლეში გაკეთებული კარგი საქმეების გამო როდი არიან საზოგადოებისათვის სასარგებლონი. ისინი გარდაცვალების შემდეგაც თავიანთი ნამოღვაწარით სხვებს გზას უნათებენ და შთააგონებენ კეთილ საქმეთა კეთებას. სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი.
საიუბილეო სხდომა შესავალი სიტყვით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, ხოლო ვრცელი მოხსენება – „აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ წაიკითხა.
ეკონომიკურ მეცნიერებას საქართველოში საუკუნეთა სიღრმეში აქვს ფესვები გადგმული. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში ეკონომიკურმა შეხედულებებმა და კვლევებმა მეცნიერული ხასიათი ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის ნაშრომებში მიიღო. აკადემიკოს პაატა გუგუშვილს წილად ხვდა, სწორედ, მათი მოწაფე ყოფილიყო, მაგრამ არც იგი დარჩენილა მისი დიდი მასწავლებლების ვალში. სწორედ აკადემიკოს პაატა გუგუშვილს მიუძღვის გადამწყვეტი წვლილი საქართველოში ეკონომიკური სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
ასევე განსაკუთრებულია აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დამსახურება საქართველოში პირველი ეკონომიკური სამეცნიერო კერის – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებაში, რომლის უცვლელი დირექტორი იყო 32 წლის განმავლობაში.
აკადემიკოს პაატა გუგუშვილის მეცნიერული თვალსაწიერი მეტად ფართოა. მისი ნაშრომები ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარების, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკური აზრის ისტორიის, ეკონომიკური ტერმინოლოგიის და სხვ. პრობლემებს. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 50-ზე მეტი ცალკე წიგნადაა გამოცემული.
აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი რომ ფართო დიაპაზონის მეცნიერი იყო, ამაზე მეტყველებს იმ ნაშრომთა არასრული ჩამონათვალი, რომელიც ეხება არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ ისტორიის, ჟურნალისტიკის, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის აქტუალურ პრობლემებს.
აკადემიკოს პაატა გუგუშვილს დიდი დამსახურება აქვს ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაში. ნახევარ საუკუნეზე მეტი იმუშავა ამ მიმართულებით. 1947 გამოცემული „ეკონომიკის ტერმინოლოგია“ შედგენილია მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური პრინციპების საფუძველზე.
ბატონი პაატა 1960 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1974 წელს – ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად. 1962 წელს მას საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
ბატონი პაატა დაჯილდოებულია „შრომის წითელი დროშის“, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატონი პაატას ადამიანური თვისებები: ობიექტურობა და პრინციპულობა, შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა, კეთილშობილება და ერთგულება და სხვ. იგი იყო შესანიშნავი მეუღლე, მამა და ბაბუა.
ბატონ პაატას რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ მან ყველაფერს გაუძლო, შთამომავლობას დაუტოვა მაღალი ღირებულების სამეცნიერო ნაწარმოებები, შექმნა ქართული ოჯახი შესანიშნავ ქალბატონთან, ნინო ნიქაბაძესთან ერთად. მათ სამშობლოს აღუზარდეს ორი მაღალი ინტელექტუალური ღირებულებების მატარებელი შვილი – ბესარიონ გუგუშვილი და გულბაათ გუგუშვილი. ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი ბესარიონი, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მადლიერი თაობა არ ივიწყებს ბატონი პაატას ღვაწლს. ამის დადასტურებაა ის, რომ აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას თაოსნობით მის მიერ დაარსებულ ინსტიტუტს პაატა გუგუშვილის სახელი ეწოდა, ხოლო ივანე ჟავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი – “პაატა გუგუშვილის სახელობის აუდიტორია” დაარსდა. მშობლიური კოლექტივიც არ ივიწყებს მის სახელს. ინსტიტუტში მოეწყო და გაიხსნა პაატა გუგუშვილის სახელობის კაბინეტი, ღირსეულად აღინიშნა აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 105-ე და 110-ე წლისთავი. სამივე თარიღს მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და საიუბილეო სხდომა, ჟურნალ „ეკონომისტის“ სპეციალური ნომრები, მომზადდა და გამოიცა ბატონი პაატას „დღიურები და მოგონებები“, დაარსდა აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია და მედალი, და სხვ.
ღვაწლმოსილი მეცნიერის საიუბილეო სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: გიორგი ღაღანიძე, ელგუჯა მექვაბიშვილი, მერაბ კაკულია, ავთანდილ სულაბერიძე და რევაზ ჯავახიშვილი. სხდომა დასკვნითი სიტყვით შეაჯამა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.