100 წელი მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან
- აგვისტო 26, 2022
ასი წლის წინ, 28 აგვისტოს, მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს – მარიამობას დაიბადა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე. სწორედ ამ დღემ განსაზღვრა მისი რთული, ამასთან წარმატებული მომავალი. ღირსებით გამორჩეულმა ოჯახმა მას მაღალი განათლება და კულტურა შესძინა.
მარიამ ლორთქიფანიძე ქართველ ისტორიკოსთა იმ სკოლის წარმომადგენელია, რომელსაც საფუძველი დაუდო დიდმა ივანე ჯავახიშვილმა.
მარიამ ლორთქიფანიძის კალამს ეკუთვნის 200-მდე ნაშრომი, მათ შორისაა რამდენიმე მონოგრაფია, სამეცნიერო სტატიები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული მედიევისტიკის განვითარებაში, შუქი მოჰფინეს ბევრ, მანამდე გადაუჭრელ პრობლემას. ამავე დროს მარიამ ლორთქიფანიძე გულმხურვალედ და შემართებით ეხმაურებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს, პირნათლად იხდიდა მეცნიერ-პატრიოტის ვალს სამშობლო ქვეყნის წინაშე.
მარიამ ლორთქიფანიძემ 1939 წელს წარჩინებით – ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 25-ე საშუალო სკოლა, რის შემდეგაც მან თბილისის უნივერსიტეტს მიაშურა. ალმა-მატერმა თავისი გავლენა იქონია მომავალ მეცნიერზე. 1943 წელს ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მარიამ ლორთქიფანიძე იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით. მისი ხელმძღვანელი აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია იყო.
1947 წელს მარიამ ლორთქიფანიძემ მუშაობა დაიწყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. მარიამ ლორთქიფანიძემ არსებული ქართული, სომხური და არაბული წყაროების საფუძველზე მონოგრაფიულად შეისწავლა თბილისის საამიროს ისტორია. საკმაოდ მკვეთრად გამოიკვეთა საქართველოსა და სახალიფოს ურთი-ერთობისა და საქართველოში არაბთა მფლობელობის ისტორიის საკითხები. აღნიშნული მუშაობის შედეგი იყო მარიამ ლორთქიფანიძის გამოკვლევები ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელი“ (თარგმანი და გამოკვლევა, 1951 წ.), „თბილისის საამიროს ისტორია“, „ქართველი და სომეხი ხალხების ბრძოლა არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ“ და სხვ.
1948 წელს მარიამ ლორთქიფანიძემ წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – „თბილისის საამირო“. იმავე წელს იგი მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე.
მარიამ ლორთქიფანიძე ფართო დიაპაზონის მეცნიერი იყო. იგი იკვლევდა საქართველოს შუა საუკუნეების სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, სახელმწიფო წყობილების და კულტურის ისტორიის საკითხებს. აგრეთვე დიდ ადგილს უთმობდა ქართულ წყაროთმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიას. მარიამ ლორთქიფანიძის მონოგრაფიაში – „ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში“ (1979 წ.) განხილულია ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობა და ადრეფეოდალური საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხები; ხაზგასმულია დიდი მეფის საეკლესიო საქმიანობა. მეცნიერის კვლევა-ძიების შედეგების ერთი ნაწილი თავმოყრილია ფუნდამენტურ გამოკვლევაში „საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“. ნაშრომში ერთიანი საქართველოს ფეოდალური მონარქიის შექმნა განხილულია მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე ისტორიულ მოვლენებთან კავშირში: შესწავლილია ქვეყნის გაერთიანების სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლები, ქართული ეკლესიის როლი საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. დადგენილია, რომ ქართული ქვეყნების გაერთიანების პროცესი სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბებით დაიწყო. მ. ლორთქიფანიძემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1963 წელს. იგი მალე თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად აირჩიეს. 1972 წელს მარიამ ლორთქიფანიძე საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე გახდა.
მარიამ ლორთქიფანიძის მონოგრაფიაში „საქართველო XI-XIII საუკუნეებში“, რომელიც რუსულ ენაზე გამოიცა, წარმოჩენილია ისტორიული საფუძვლები, რომელთაც განაპირობეს მახლობელ აღმოსავლეთში საქართველოს ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნა, წარმოჩენილია საქართველოს ავანგარდული როლი იმდროინდელ კავკასიაში, მოცემულია XI-XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ისტორიის ნათელი სურათი. ამ ნაშრომისათვის მიენიჭა ივ.ჯავახიშვილის სახელობის პრემია. 1987 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა მარიამ ლორთქიფანიძის „XI-XII საუკუნეების საქართველოს ისტორია“. 1966 წელს, რუსთაველის რვაასწლოვანი იუბილის დროს, გამოცემული „რუსთაველის ეპოქა“ (ქართულ და რუსულ ენებზე) პოპულარულად წარმოაჩენს საკითხთა იგივე წრეს, აღწერს „ოქროს ხანას“ საქართველოში.
მარიამ ლორთქიფანიძემ მნიშვნელოვანი ამაგი დასდო „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ რვატომეულის შექმნას. იგი აქტიურად მონაწილეობდა „ნარკვევების“ II და III ტომებში. თანაავტორია სწორედ ამ ტომებში გამოქვეყნებული საკითხებისა. ავტორთა კოლექტივი, მათ შორის მარიამ ლორთქიფანიძე 1980 წელს სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვეს.
მარიამ ლორთქიფანიძემ თავის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო საქართველოს გლეხობის ისტორიის კვლევას. აქვე გააშუქა აზნაურთა ფენის წარმოქმნა-ჩამოყალიბების პრობლემებიც. მეცნიერის ნაშრომები: „ძირითადი საზოგადოებრივი კლასები IX-X საუკუნეების საქართველოში“, „ბატონყმობის გამარჯვების საკითხისათვის“, „საქართველოს გლეხობის ეკონომიკური მდგომარეობა VI-XIII საუკუნეების საქართველოში“ (კოლექტიური ნაშრომის ერთი ნაწილია) და სხვ. მნიშვნელოვან დებულებებსა და დასკვნებს შეიცავს საქართველოს გლეხობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის, აზნაურთა სტატუსისა და მათ მიერ მიწების ფლობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის პირველი მეფის ბაგრატ III-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობას („ბაგრატ III“).
გამორჩეულად საინტერესოა მარიამ ლორთქიფანიძის ნაშრომი „ქალაქის მოხელეთა საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში (არაბული სახელწოდების მოხელენი)“. მეცნიერი ასკვნის, რომ ქართულ ქალაქებში არაბული სახელწოდების სამოხელეო ინსტიტუტები (ამირა, შურტა, მუჰთასიბი) განსხვავდებიან თავისი არსით სახალიფოს ქალაქებში მოღვაწე იმავე სახელწოდების მოხელეებისაგან. ეს კი აიხსნება მათზე ქართული სინამდვილის გავლენით. საგულისხმოა, რომ საქართველოს სახელმწიფო მონარქიის უმნიშვნელოვანესი მოხელე „ვაზირი“, მარიამ ლორთქიფანიძემ დაუკავშირა ქართულ ნიადაგზე აღმოცენებულ „უხუცესთა“ ინსტიტუტსა და საინტერესო დასკვნები მოგვცა მის შესახებ.
მეცნიერმა თავის შემოქმედებაში გარკვეული ადგილი დაუთმო ქართული ისტორიული აზროვნების საკითხებს. შრომებში: გიორგი მთაწმინდელის „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება“ და გიორგი მცირეს „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება, როგორც საისტორიო წყარო“ (1984 წ.) და სხვ. მარიამ ლორთქიფანიძემ საგანგებოდ განიხილა ქართული სამოქალაქო საისტორიო მწერლობის წარმოშობის საკითხი, მართებულად დაუკავშირა ის წინაქრისტიანული ხანის ქართულ საისტორიო აზროვნებას და აღნიშნა, რომ „მოქცევა ქართლისაი“-ს ე.წ. „ქრონიკა“ არის ჩვენამდე მოღწეული უძველესი სამოქალაქო საისტორიო თხზულება.
მარიამ ლორთქიფანიძემ დიდი ამაგი დასდო ქართული საისტორიო წყაროების რუსულად თარგმნას. მეცნიერმა თარგმნა და რუსულად გამოსცა „ქართლის ცხოვრების“ თხზულებები: „მატიანე ქართლისა“ და სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. აღნიშნული გამოცემებისათვის მარიამ ლორთქიფანიძეს ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა. მის მიერ დამუშავებული ეს თხზულებები შევიდა 2008 წელს გამოცემულ „ქართლის ცხოვრებაში“, რუსული თარგმანები კი იმავე წელს გამოცემული „ქართლის ცხოვრების“ რუსულ ვარიანტში. „ქართლის ცხოვრების“ ახალ გამოცემაში გაწეული შრომისათვის მარიამ ლორთქიფანიძეს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სააკადემიო პრემია (სხვა ავტორებთან ერთად).
აღსანიშნავია, რომ მარიამ ლორთქიფანიძემ მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ისტორიის ნარკვევების შექმნაში. იყო პირველი ტომის ავტორი (სხვა მეცნიერებთან ერთად), კერძოდ მან დაწერა აფხაზეთის ადრე-ფეოდალური ხანის ისტორიის მონაკვეთი (1960 წ.). ეს გარკვეული წვლილი იყო აფხაზეთის ხალხის ისტორიის შესწავლის საქმეში.
ნაშრომში „აფხაზები და აფხაზეთი“ (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე) მარიამ ლორთქიფანიძეს განხილული აქვს აფხაზეთის ისტორია და მისი ადგილი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ცნების „აფხაზების“ და „აფხაზეთის“ მნიშვნელობა, ამ ტერმინის შინაარსის ცვლა სხვადასხვა ეპოქაში. დასაბუთებულია, რომ აფხაზეთი ყოველთვის საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო.
მარიამ ლორთქიფანიძემ საგანგებოდ შეისწავლა და რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობასა და მათ ერთობლივ ბრძოლას უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ, ქართული და სომხური ეკლესიების ურთიერთობას. მეცნიერმა გარკვეული ადგილი დაუთმო საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობების შესწავლას. ერთ-ერთ ნაშრომში წარმოადგინა ბიზანტიურ-ქართული კულტურული ურთიერთობების პერიოდიზაცია (1982 წ.).
მარიამ ლორთქიფანიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის ისტორიის შესწავლაში [(„თბილისი IV-X საუკუნეებში“ (წიგნში „თბილისის ისტორია“, I, 1990 წ.); „თბილისი“ (IV-XII სს.-ის დასაწყისი) რუსულ ენაზე (1991 წ.), „ძველი თბილისის ისტორიული გეოგრაფიიდან (სოღდებილი)“, 1954 წ., „ქალაქის მოხელეთა საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში“ (1954 წ.) და სხვ.)].
მარიამ ლორთქიფანიძე აქტიურად იცავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას მეცნიერულ გამყალბებელთაგან. მან საგანგებო წერილში, რომელიც 1968 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნდა (მაცნე, # 4), ამხილა სომეხი მეცნიერის პ.მურადიანის თვალსაზრისის უსაფუძვლობა მცხეთის ჯვრის ამშენებლად სომეხი ხუროთმოძღვრის გამოცხადების შესახებ, აგრეთვე, გაილაშქრა (შოთა მესხიასთან ერთად) ვერმიშევის რომანის „ამირსპასალარის“ წინააღმდეგ. რეცენზია („მრუდე სარკეში“) გამოქვეყნდა გაზეთ „კომუნისტში“ (1969 წ., # 10). დაბეჭდა რეცენზია რ.ვახიტოვის წერილზე (რ.ვახიტოვი – ბაშკირეთის სახ. უნივერსიტეტის დოცენტი, ისტორიის მეცნიერებათა კათედრა, Литературная газета, 2008 წ., 6-11 ნოემბერი), (თანაავტორი გ.ოთხმეზური – „შეუგნებელი არაკომპეტენტურობა თუ შეგნებული სიყალბე“), გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 2009 წ, 27, 28, 29, 30 იანვარი.
მარიამ ლორთქიფანიძე თანაავტორია საქართველოს ისტორიის საშუალო სკოლის VIII-IX კლასების სახელმძღვანელოსი (რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე). ამასთანავე, თანაავტორი იყო VII და X კლასების საშუალო სკოლის სახელმძღვანელოებისა. მისი თანაავტორობითა და რედაქციით გამოიცა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის (2006 წ.). არის საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის მთავარი რედაქტორი.
ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა მარიამ ლორთქიფანიძე 1997 წლის გამოჩენილ ადამიანად გამოაცხადა.
იმავე ინსტიტუტმა მარიამ ლორთქიფანიძე აირჩია XX საუკუნის გამოჩენილ ქალად, ხოლო 2009 წელს აირჩია ,,დიდების დარბაზის წევრად”. XX საუკუნის გამოჩენილ ქალად გამოაცხადა ქალბატონი მარიამი კემბრიჯის ინტერნაციონალური ბიოგრაფიის ცენტრმა.
1975 წელს მარიამ ლორთქიფანიძეს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1983 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1993 წელს – ნამდვილ წევრად. ქალბატონი მარიამი წლების მანძილზე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის „შრომების“ მთავარი რედაქტორი.
მარიამ ლორთქიფანიძე არჩეულია თბილისის საპატიო მოქალაქედ.
განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ მარიამ ლორთქიფანიძის დაჯილდოება ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საზეიმო ვითარებაში გადასცა მეცნიერს ეს ჯილდო, თბილად დალოცა და საქართველოს დედა უწოდა.
დღეს ქართველი საზოგადოება აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წელს აღნიშნავს; პატივს მიაგებს მის ხსოვნას და ადასტურებს, რომ გამოჩენილი მეცნიერისა და ღირსეული საზოგადო მოღვაწის სახელი არასდროს იქნება დავიწყებული.
როინ მეტრეველი