საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში არტერიული ჰიპერტენზიის პრობლემები განიხილეს
- ოქტომბერი 29, 2025
მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენება – „ესენციური ჰიპერტენზიის პრობლემა საქართველოში, (კვლევის 80 წლიანი დინამიკა)”. წარმოადგინა საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა ბეჟან წინამძღვრიშვილმა. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა მედიცინის და ფიზიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხეცურიანმა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, – არტერიული ჰიპერტენზია სიკვდილიანობის ძირითად და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის იერარქიაში არტერიულ ჰიპერტენზიას წამყვანი ადგილი უკავია.
საქართველოში ჰიპერტენზიის პრევალენტობა კვლევის 80-წლიანი დინამიკის მონაცემებით მზარდი ტენდენციით ხასიათდება. კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ზოგად სტრუქტურაში ჰიპერტენზიული ავადმყოფობის წილი 60%-მდეა. არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების STEPS კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელება მოზრდილთა ჯგუფებში შეადგენს 37.7%-ს, ხოლო ჰიპერტენზიის სკრინინგის მონაცემებით მოზრდილი პოპულაციის ჯგუფებში-იგი 60,9 %-ს აღწევს
კონტროლირებული ჰიპერტენზიის მაჩვენებელი ქვეყნის მოზრდილი პოპულაციის ჯგუფებში შეადგენს – 16 %.
პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ჰიპერტენზიის მართვის ძირითად ხარვეზს წარმოადგენს: – ტიტრაციული ვიზიტების დარღვევა, პრეპარატების ხშირი ცვლა და წყვეტილობა მკურნალობაში, არტერიული წნევის სამიზნე დონის მიუღწევლობა, პაციენტის დაბალი დამყოლობა მკურნალობაზე და შესაბამისად მკურნალობის არაეფექტურობა. ასეთი ტიპის დარღვევები განაპირობებს დაავადების მიმდინარეობის გამწვავებას, ხშირი ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდებს და დაავადების პროგნოზის დამძიმებას.
კვლევათა რეტროსპექტიული და პროსპექტიული შედეგების გათვალისწინებით, წარმოდგენილი იყო პირველადი ჯანდაცვის სისტემაში და ჰოსპიტალურ სექტორში გამოვლენილი ჰიპერტენზიის მართვის ხარვეზები და მათი დაძლევის გზები.
მომხსენებელმა სხდომაზე წარმოადგინა გარკვეული რეკომენდაციები საქართველოში ჰიპერტენზიის მართვის გაუმჯობესების მიზნით:
შეიქმნას მიოკარდიუმის ინფარქტის და თავის ტვინის ინსულტის რეგისტრი ქვეყნის დონეზე;
პირველადი ჯანდაცვის პრაქტიკაზე მორგებული, ჰიპერტენზიის გამოვლენის და მართვის პროტოკოლების დანერგვა ;
პირველადი ჯანდაცვის პერსონალის (ექიმი, ექთანი) კომპეტენციების გაფართოება, გსდ რისკების და თანმხლები მდგომარეობების გამოვლენის და მართვის მიზნით და სხვ.
სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი სასანიამ, აკადემიკოსებმა – დავით მიქელაძემ და რომან შაქარიშვილმა, წევრ-კორესპონდენტმა მიხეილ ოკუჯავამ, პროფესორმა დუდანა გაჩეჩილაძემ, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა დალი ტრაპაიძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა ირაკლი მეგრელაძემ და სხვ.
სხდომა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.



















