აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე – 85
- ოქტომბერი 10, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საზეიმოდ აღინიშნა, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის დაბადებიდან 85 წლის იუბილე. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის მილოცვა იუბილარისადმი, აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხუროძემ, ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მილოცვა, მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გააჟღერა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, საპატიო სტუმრები და ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. ელიზბარ ჯაველიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ვრცელი მოხსენება აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა წაიკითხა.
ელიზბარ ჯაველიძე გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შუაგულში იმყოფება და უდიდესი შემართებით იცავს ჭეშმარიტ ქართულ აზრს ლიტერატურასა თუ მეცნიერებაში; თავისი მართალი სიტყვით, მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ისტორიაში, როგორც ჭეშმარიტი მემატიანე. ელიზბარ ჯაველიძე წლების მანძილზე რედაქტორობდა ჟურნალ „კრიტიკას“, გაზეთებს: „ლიტერატურული საქართველო“, „საქართველოს სამრეკლო“, „სამრეკლო“, „კოლხური კოშკი“. 1991 წელს ეკავა საქართველოს განათლების მინისტრის პოსტი, ხოლო 1998-2003 წლებში იყო პარლამენტის წევრი და თავმჯდომარეობდა ფრაქცია “XXI საუკუნე“-ს.
ამჟამად, ბატონი ელიზბარი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივანია და ამავდროულად, – ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე.
ბატონი ელიზბარი ქართული ორიენტალისტური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელია და მისი მასწავლებლის, გიორგი წერეთლის გარდაცვალების შემდეგ, ქართული თურქოლოგიის ლიდერი გახდა.
თურქულის გარდა, იგი დიდი ინტერესით მუშაობს აზერბაიჯანული, სპარსული, უზბეკური ლიტერატურის სფეროში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომები აღმოსავლურ და ქართულ კულტურათა ურთიერთობის შესახებ.
აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიცისტური წერილი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ელიზბარ ჯაველიძე, როგორც ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი, თეორეტიკოსი, პუბლიცისტი. წლების მანძილზე, იგი უშურველად ემსახურება ლიტერატურულ კრიტიკას.
აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე არის ცივილიზაციათა, კულტურათა დიალოგის, ჰუმანისტური იდეალების ერთგული მეცნიერი და მოქალაქე.
მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; მას დიდი ღვაწლი მიუძღვის კვალიფიციური კადრების აღზრდაში. იუბილარი ჩვეული ენერგიითა და შემართებით განაგრძობს მოღვაწეობას სამეცნიერო და საზოგადოებრივ სფეროში.