ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის გახსენება
- ოქტომბერი 14, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, აკადემიაში ჩატარდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის – ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მოგონების საღამო.
ბასა ღოღობერიძე დაიბადა 1922 წლის 3 აგვისტოს ქალაქ სოხუმში, თამაშობდა სოხუმის პიშჩევიკის ჭაბუკთა გუნდში, სოხუმისა და თბილისის „დინამოში“. სსრკ პირველობაზე 341 შეხვედრაში გაიტანა 127 ბურთი, რაც კლუბის რეკორდია. არის დინამოელთა მე-600 და მე-700 გოლების ავტორი. იყო სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ორგზის ვერცხლისა და ოთხგზის ბრინჯაოს პრიზიორი, თასის გათამაშებისა და ხალხთა სპარტაკიადის ფინალისტი; სპორტის დამსახურებული ოსტატი, ფედოტოვის კლუბის წევრი (143 გოლი). თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, XV ოლიმპიადის მონაწილე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი; დაჯილდოებულია მეორე ხარისხის ვახტანგ გორგასლისა და შრომის წითელი დროშის ორდენებით. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ნოემბერს თბილისში.