ისტორიკოსთა სამეცნიერო სხდომა
- ნოემბერი 21, 2022
მიმდინარე წლის 11 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების გაერთიანებული სამეცნიერო სხდომა.
სხდომის თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ოთარ ჟორდანიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ჟურნალ „ისტორიის საკითხების“ გამოცემის შესახებ. მან საზოგადოებას აუწყა, რომ შექმნილია სამეცნიერო მიმართულება, რომელიც სპეციალურად შეისწავლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიისა და კულტურის საკითხებს. ამ მიმართულებით მუშაობის პირველი შედეგია სხდომაზე წარმოდგენილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ქეთევან პავლიაშვილის მოხსენება თემაზე: „საეკლესიო პროცესები აფხაზეთში 1994-2022 წლებში“.
მომხსენებელმა წარმოაჩინა თანამედროვე აფხაზეთში მიმდინარე რთული საეკლესიო პროცესები; მეცნიერული ანალიზის საფუძველზე გვიჩვენა წლების მანძილზე აფხაზეთში მიმდინარე საეკლესიო კრიზისის შემამზადებელი წანამძღვრები, მისი გამომწვევი მიზეზები და განვითარების მწვავე და რთული ეტაპები.
ქეთევან პავლიაშვილმა ნათლად აჩვენა აფხაზეთის სამღვდელოებაში ერთის მხრივ, პრო-რუსული და მეორის მხრივ, პრო-ბერძნული დაჯგუფებების არსებობა და მათ შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირება. პრო-რუსული ბანაკის წარმომადგენლები, ე.წ. „ძველი თაობა“ მღვდელ ბესარიონ აპლიას ხელმძღვანელობით, ცდილობს ისტორიული ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს ეკლესიისაგან ჩამოცილებასა და მოსკოვის საპატრიარქოს პატრონაჟით ე.წ. აფხაზეთის ეკლესიისათვის ავტონომიური სტატუსის მინიჭებას; ხოლო პრო-ბერძნული ორიენტაციის აფხაზეთის სამღვდელოება, ე.წ. „ახალი თაობა“ არქიმანდრიტ დოროთე დბარის წინამძღოლობით, მომხრეა ელადის ეკლესიის პატრონაჟით, პირველ ეტაპზე ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის ავტონომიის, ხოლო მოგვიანებით ეტაპზე კი სრული ავტოკეფალიის მოპოვების.
მოხსენებაში განხილულ იქნა აფხაზეთის ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიებისა და ვატიკანის ჩართულობის საკითხი.
მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა აფხაზეთში მიმდინარე მწვავე საეკლესიო პროცესებისადმი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეუვალი პოზიცია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი სასულიერო დასითა და საჭეთმპყრობელის – კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხელმძღვანელობით, ძალისხმევას არ იშურებს ისტორიული სამართლიანობის, საეკლესიო კანონიკისა და ეროვნულ ეკლესიაში სიმშვიდისა და ერთიანობის დაცვისათვის.