წიგნის „ხევსურული სწორფრობა და ფშაური წაწლობა“ წარდგინება
- ნოემბერი 28, 2022
მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ლია მელიქიშვილის, მარინა კანდელაკის და ნინო ღამბაშიძის წიგნის – „ხევსურული სწორფრობა და ფშაური წაწლობა (ქალ-ვაჟთა ურთიერთობის ნორმები ქორწილამდე)“ წარდგინება. წიგნის რედაქტორია ეთნოლოგი, ისტორიის დოქტორი ნათია ჯალაბაძე; რეცენზენტები: პროფესორი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თამილა ცაგარეიშვილი და ისტორიის დოქტორი ნანა ბახსოლიანი.
ნაშრომში წარმოდგენილია სამი ეთნოლოგი ქალის თვალთახედვა ქართულ ტრადიციაზე, მასში განხილულია ისეთი საინტერესო, ამოუცნობი და, ამავდროულად, ისეთი სათუთი საკითხი, როგორიცაა „ფშაური წაწლობა“ და „ხევსურული სწორფრობა“. თითქმის ერთი საუკუნის წინ ფშავ-ხევსურეთში დაფიქსირებული ამ ჩვეულების შესახებ მოგზაურების, მეცნიერების და იქ მოღვაწე პირების მიერ არაერთი ნაშრომი დაიწერა. ეს წესი საზოგადოების ერთ ნაწილში იმთავითვე გაკვირვებას იწვევდა და მას სიფრთხილით ეკიდებოდნენ.
წიგნის შესახებ და მასში აღწერილ ტრადიციებზე ისაუბრეს: აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ლია მელიქიშვილმა, ნინო ღამბაშიძემ, წიგნის რედაქტორმა ნათია ჯალაბაძემ, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა, მირონ ფირცხელანმა და სხვ.