სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭოს კონფერენცია
- დეკემბერი 5, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს კონფერენცია თემაზე: „სამეცნიერო კვლევები მედიცინაში: მიღწევები, პრობლემები და პერსპექტივები“; კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:
- „საგანმანათლებლო და სამეცნიერო რეფორმის აუცილებლობა საქართველოში“; მომხს. არჩილ ჩხოტუა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;
- „თსუ-ში დოქტორანტთა მონაწილეობით მიმდინარე სამეცნიერო კვლევების თაობაზე (კვლევათა დაგეგმვის, დაფინანსების, შედეგების პუბლიკაციის და საერთაშორისო ცნობადობის მოპოვების პრობლემები)“; მომხს. დიმიტრი კორძაია, პროფესორი, კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
- „საქართველოს უნივერსიტეტის კვლევების მიმართულებები ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლაში“; მომხს. თამარ ლობჯანიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დირექტორი;
- „სამეცნიერო კვლევები მედიცინაში – განვითარების შესაძლებლობები, საერთაშორისო პროექტები“; მომხს. რიმა ბერიაშვილი, თსსუ პროფესორი, „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამული კომიტეტის წევრი ჯანმრთელობის დარგში;
- „სამეცნიერო კვლევები მედიცინაში: მიღწევები, პრობლემები და პერსპექტივები, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდილება და ხედვა“; მომხს. ასოც. პროფ. ილია ნადარეიშვილი, სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი.
კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებში აღინიშნა, რომ საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა კომპლექსური პროცესია, რომელიც გულისხმობს ბევრ სხვადასხვა შემადგენელს, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბიოსამედიცინო კვლევების პრიორიტეტების განსაზღვრა და მედიცინის სხვადასხვა დარგებში არსებული პრობლემების მეცნიერული ანალიზის მნიშვნელობა, აგრეთვე, – კონფერენციების, ვორქშოფების, სემინარების ორგანიზება და ა. შ.; ახალგაზრდა სპეციალისტების საზღვარგარეთ სტაჟირება; მოკლევადიანი მიზნობრივი ვიზიტები; უცხოელი პროფესორებისა და სპეციალისტების მოწვევა, ლექციები, სემინარები, ელექტრონულ ბიბლიოთეკებში გაწევრიანება, საერთაშორისო, პროფესიული ასოციაციების წევრობა, ეროვნული ან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის გამოცემის მხარდაჭერა და სხვა.
საყურადღებოა საქართველოში დოქტორანტურაში სწავლასთან დავშირებული მდგომარეობა. კლებულობს დოქტორანტურაში ჩაბარებისა და დამთავრების სტატისტიკური მაჩვენებლები; აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზია ქვეყანაში დოქტორის ხარისხის მნიშვნელობის ნიველირება, რაც პოტენციურ მსურველებს უმცირებს ინტერესს დოქტურანტურაში ჩაბარებისა და სამეცნიერო აქტოვობისაკენ.
ქვეყანაში მეცნიერების განვითარებისა და პროგრესის საქმეში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ. კერძოდ, აკადემიის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს, ქვეყნის განვითარების პროგნოზებიდან გამომდინარე, მეცნიერების გარკვეული დარგების პრიორიტეტების დადგენა და მათი განვითარების ხელშეწყობა; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და სხვ.
მოხსენებებში წარმოდგენილი იყო კონკრეტული რეკომენდაციები, როგორც მეცნიერებათა აკადემიის როლის გაზრდის, ისე მეცნიერების შემდგომი სტიმულირებისათვის გასატარებელი საგანმანათლებლო და სამეცნიერო რეფორმის შესახებ.