ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- დეკემბერი 8, 2022
2022 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა ცენტრის მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.შესავალი სიტყვა: მაკრომოლეკულური ქიმიის უახლესი მიღწევები: კვლევებიდან წარმოებაში გავრცელებამდე (მომხსენებელი: აკადემიკოსი რამაზ ქაცარავა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორი).
2.მოკლე მოხსენება: “კლიკ-ქიმია ბიოდეგრადირებადი პოლიმერების დიზაინში – ახალი პერსპექტივები” (მომხსენებელი: თენგიზ ქანთარია – ქიმიის დოქტორი, ინსტიტუტის თანამშრომელი).
3.ძირითადი მოხსენება: “თერაპიული ნანო/მიკროსისტემები ფსევდოპროტეინების საფუძველზე” (მომხსენებელი: თემურ ქანთარია, ქიმიის დოქტორი, ინსტიტუტის თანამშრომელი).
აკადემიკოსმა რ. ქაცარავამ აღნიშნა, რომ უცხოეთში გაყიდულია ინსტიტუტში დამუშავებული სამი ტექნოლოგია:
1) ჰოლანდიურმა Royal DSM-მა შეიძინა ფსევდოპროტეინული ტექნოლოგია წამლების კონტროლირებადი გამოყოფის სისტემებისათვის (აშშ პატენტები ## 6503538, 7304122, 7408018),
2) აშშ კომპანიამ SurModics შეიძინა ფსევდოპროტეინული ტექნოლოგია ვასკულერული სტენტის საფარად (აშშ პატენტი # 6,703,040).
3) კანადურ-ამერიკულ-ჩინურმა კომპანია “Phagelux”-მა შეიმუშავა ბაქტერიოფაგებით დატვირთული მიკროსფეროების წარმოების ტექნოლოგია. (აშშ პატენტი # 10,849,944). 2021 წელს პრეპარატი დარეგისტრირდა FDA-ში; ამჟამად გადის I/II ფაზის კლინიკურ გამოცდებს Mayo-ს კლინიკაში.
საქართველოში შპს „Polymer Solutions“ აწარმოებს პსევდოპროტეინს საექსპორტოდ. ამავე ფსევდოპროტეინის ბაზაზე საქართველიოს ბაზრისთვის კომპანია Piel Naturals-თან თანამშრომლობით დაინერგა ორი კოსმეცევტიკური პრეპარატი „ქეადერმი“ და „სკალპქეარი“. ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს პრეპარატების უცხოურ ბაზარზე გატანის მიზნით. „Polymer Solutions“ მიღებული შემოსავლებითა და აღებული კრედიტით აშენებს მცირე საწარმოს, რაშიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დახმარება, კერძოდ კი კრედიტის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, დღგ უბრუნდება საწარმოს, GITA-დან მიღებული გრანტებით შეძენილია აპარატურა.
თავის მოკლე მოხსენებაში თენგიზ ქანთარიამ ისაუბრა ცენტრის 21 ოქტომბრის სხდომაზე განხილულ საკითხებზე და მიღებულ ახალ შედეგებზე (იხილეთ აკადემიის ვებგვერდზე).
თემურ ქანთარიამ აღნიშნა, რომ მედიკამენტოზური თერაპიის ერთ-ერთი პრობლემაა ორგანიზმისთვის წამლების დამიზნული მიწოდება, რომლის ეფექტიანი მეთოდია სხვადასხვა მატარებლების (კონტეინერების) გამოყენება. ამ კონტეინერების კონსტრუირებისათვის პერსპექტულია ბიოდეგრადირებადი პოლიმერები, რომლებიც „გაქრებიან“ ორგანიზმიდან დაკისრებული ფუნქციის შესრულების შემდეგ. ყურადღებას იქცევს ჰეტერო-ჯაჭვური პოლიმერების ახალი ოჯახი – ფსევდოპროტეინები, რომლებიც იშლებიან ორგანიზმში ფიზიოლოგიური (ამინომჟავების) და უვნებელი პროდუქტების გამოთავისუფლებით, ამასთან, ხასიათდებიან მაღალი აფინურობით და, შესაბამისად, ქსოვილებთან თავსებადობით.
ფსევდოპროტეინების საფუძველზე შემუშავებულია და ოპტიმიზირებულია წამლის გადამტანი მიკრო- და ნანო-ზომის კონტეინერების კონსტრუირების ტექნოლოგია. in vitro ცდებში შესწავლილია მიღებული ნაწილაკების ურთიერთქმედება სხვადასხვა ხაზის უჯრედებთან, დადგენილია ფსევდოპროტეინული მასალის მაღალი ბიოთავსებადობა.
მიღებულია ვარირებადი დიამეტრის მქონე მს-ები და ნაჩვენებია მათი გამოყენების პერსპექტულობა ბაქტერიოფაგების ინკაფსულირებისათვის. მიღებულია სხვადასხვა ტიპის დამუხტული, მ.შ. პოლიეთილენგლიკოლის ღრუბლით გარშემორტყმული, სხვაგვარად PEG-ილირებული, ფლუორესცენტული ზონდით დატვირთული ნნ-ები. შესწავლილია ნნ-ების ოკულარულ ბარიერებში შეღწევადობა in vivo ცდებში ცხოველებზე.
კვლევები დაფინანსდა როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის გრანტებით, შედეგები გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში და წარდგენილია საერთაშორისო კონფერენციებზე. მს-ებში ბაქტერიოფაგების ინკაფსულირების ტექნოლოგია შეიძინა კანადურ-ამერიკულ-ჩინურმა კომპანიამ „Phagelux”, ტექნოლოგია დაპატენტებულია ამავე კომპანიის მიერ აშშ-ში (პატენტი # 10,849,944, 2020).
დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები გიორგი კვესიტაძე, თინათინ სადუნიშვილი, რამაზ ხეცურიანი, ვლადიმერ ციციშვილი, რამაზ ხუროძე, თამაზ შილაკაძე, რომლებმაც აღნიშნეს კვლევის აქტუალობა და დადებითად შეაფასეს ჩატარებული სამუშაოების შედეგები, წარმატება უსურვეს მომხსენებლებს მათ უაღრესად საჭირო საქმიანობაში.