ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის წლიური ანგარიში
- დეკემბერი 16, 2022
მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომაზე, პრეზიდიუმის წევრების წინაშე, წლიური ანგარიშით წარსდგა აკადემიის სტრუქტურული ერთეულის, ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე. თავის გამოსვლაში, მან აღნიშნა ენციკლოპედიის როლი ქვეყნის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი განვითარების ეტაპები. როგორც ბატონმა ზურაბმა ბრძანა, ამჟამად, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ენციკლოპედია „საქართველოს“ მე-5 ტომზე, რომელიც მომავალი წლის პირველ კვარტალში უკვე მზად იქნება დასასტამბად და გამოსაცემად. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ტომში შევა – “კანი”, “ლასი” და “მანი” ასო-ნიშნებზე არსებული 3000-მდე ენციკლოპედიური სტატია.
რაც შეეხება ქართული ენციკლოპედიის ვებ-გვერდს, რომლის თავდაპირველი ვერსია 2013 წელს იყო შექმნილი, მიმდინარე წელს მომზადდა მისი სრულიად ახალი ვერსია, რომელიც მოიცავს უმდიდრეს ინფორმაციას ქართული ენციკლოპედიის შესახებ. ეს გახლავთ: ენციკლოპედიის ისტორია, სტატიების ელექტრონული ვერსია, სტრუქტურა, სამეცნიერო საბჭო, თანამშრომლები, სიახლეები და სხვ. უნდა ითქვას, რომ თავდაპირველ ვებ-გვერდს 130 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა და რედაქციის მესვეურები იმედოვნებენ, რომ ნახვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება განახლებული ვებ-გვერდის ინტერნეტ სივრცეში, მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედების შემდეგ, რომლის განახლებული, დახვეწილი ვერსია, როგორც ბატონი ზურაბი აღნიშნავს, სრულად პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს და მასზე უკვე განთავსებულია 15 000-მდე სტატია.
დასასრულს, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ქართული ენციკლოპედიის სამომავლო გეგმებში შედის: უცხოეთის ქვეყნების ენციკლოპედიებთან, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა და სხვ.
პრეზიდიუმმა დაადგინა, მოწონებულ იქნეს ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის საქმიანობა და აღნიშნულის შესახებ, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ აბაშიძის ინფორმაცია მიღებულ იქნეს ცნობად.