უცხოური ლეგიონის გმირი დიმიტრი ამილახვარი: ბიოგრაფიის უცნობი ფურცლები
- დეკემბერი 19, 2022
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების სხდომა, რომელზეც მოხსენება – „უცხოური ლეგიონის გმირი დიმიტრი ამილახვარი: ბიოგრაფიის უცნობი ფურცლები“, წაიკითხა ისტორიის დოქტორმა რუსუდან ლაბაძემ.
მეორე მსოფლიო ომის ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიის დროს, ელ ალამეინის ბრძოლაში დაღუპული საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მე-13 ნახევარბრიგადის მეთაურის – დიმიტრი („ბაზორკა“) გიორგის ძე ამილახვრის (1906-1942) ბიოგრაფიაში არაერთი დაუზუსტებელი ფაქტია. 2020 წლის სექტემბერში, საფრანგეთში გამომცემლობა „Lemme Edit“-მა, რომელიც ცნობილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეების შესახებ ისტორიულ ლიტერატურას გამოსცემს, დაბეჭდა წიგნი „დიმიტრი ამილახვარი – მებრძოლი პრინცი“. ეს პირველი წიგნი იყო, რომლითაც საფრანგეთმა ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ხსოვნას პატივი მიაგო. წიგნის ავტორს მოჰყავს ცნობები ზე[ვ]დგინიძე-ამილახვართა საგვარეულოს შესახებ, რომლებშიც დიმიტრი ამილახვრის წინაპრად რუსეთის არმიის კავალერიის გენერალს, კავკასიისა და რუსეთ-ოსმალეთის ომებში სახელგანთქმულ ივანე ამილახვარს ასახელებს. დიმიტრი ამილახვრის პაპად, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ბიოგრაფიაშიც, ივანე ამილახვარია მოხსენიებული. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დიმიტრი ამილახვრის წინაპრების საკითხი საგანგებოდ გამოკვლეული არ არის. მკვლევრები ამ საკითხს ან საერთოდ არ ეხებიან, ანდა მას ივანე ამილახვრის შვილიშვილად მოიხსენიებენ. ამას ემატება მრავალფეროვანი ინტერნეტ რესურსები, გენეალოგიური პორტალები და სხვ. რომლებიც უცხოენოვანი ვიკიპედიის (ძირითადად, რუსული და ინგლისური) გავლენით დიმიტრი ამილახვარს მეფის რუსეთის არმიის გენერლის შთამომავლად წარმოაჩენს.
სინამდვილეში ვინ იყო დიმიტრი ამილახვრის მამა – გიორგი ივანეს ძე ამილახვარი თუ გიორგი ოთარის ძე ამილახვარი? შემთხვევითია თუ არა ივანე (ნიკო) გივის ძე ამილახვრის (1829-1905) ოთარშენელ ამილახვრებთან დაკავშირება და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ფაქტის დადგენა? მოხსენებაში დოკუმენტური წყაროების, თავად ამილახვართა გენეალოგიური ნუსხებისა და გენეალოგიური პორტალების გამოყენებით დადგენილია, რომ დიმიტრი ამილახვრის პაპა რუსეთის საიმპერატორო არმიის კავალერიის გენერალი ივანე (ნიკო) გივის ძე ამილახვარი კი არ იყო, არამედ ოთარ გიორგის ძე ამილახვარი, თავად ამილახვართა სხვა შტოს წარმომადგენელი. ამ ნუსხების მიხედვით, დიმიტრის მამა, გიორგი ამილახვარი არის ოთარ გიორგის ძე ამილახვრისა და ქეთევან იოსების ასულ ჯორჯაძის ვაჟიშვილი.
ამილახვართა გენეალოგიური ხის მონაცემების გარდა, საგულისხმოა გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდში, დიმიტრი ამილახვრის საარქივო მასალებს შორის დაცული ერთი საბუთი, ოთარშენის კანტორის ქვითარი, რომელზეც ქვითრის გამცემის ადგილას მითითებულია დიმიტრი ამილახვრის დედის, ნინო კონსტანტინეს ასული ქსნის ერისთავის ინიციალები. საბუთი დათარიღებულია 1910 წლის 12 ქრისტეშობისთვით, ხელს აწერს გიორგი ამილახვარი. საბუთს აქვს ბეჭედი, რომლის ზედა კიდეზე გამოსახულია ამილახვრების გერბი, ცენტრში ინიციალები „გ.ო.“. შესაბამისად, საბუთი გიორგი ოთარის ძე ამილახვრის ბეჭდით არის დადასტურებული.
მოხსენებაში დიმიტრი ამილახვრის წინაპრების საკითხის დადგენის გარდა, განხილული იყო მისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი. უცხოური ლეგიონის ოფიცრის შესახებ მიმოქცევაში არსებული ცნობები გადამოწმებული და დაზუსტებულია მისი თანამებრძოლებისა და შთამომავლების მოგონებების საფუძველზე. ასევე, ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ამილახვარი საპატიო ლეგიონის ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს. სინამდვილეში, საპატიო ლეგიონის კავალერის ორდენზე, იგი 1940 წელს იყო ნომინირებული. აგრეთვე ხშირად აღრეულია ელ ალამეინის ადგილმდებარეობა. ელ-ალამეინი ეგვიპტეში მდებარეობს და არა ლიბიაში. სწორედ ეგვიპტეში სამხედრო სასაფლაოზე არის დაკრძალული დიმიტრი ამილახვარი. ამ დეტალებს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უმთავრესი მაინც მიმოქცევაში მისი წინაპრების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის შემოტანაა. ეს ინფორმაცია კი, პირველ რიგში, უნდა აისახოს სამეცნიერო გამოცემებში, აგრეთვე ბეჭდურ და სოციალურ მედიაში, ქართულ და უცხოენოვან ვიკიპედიებში.
მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: როინ მეტრეველმა, ლადო პაპავამ, ლია მელიქიშვილმა, პროფესორმა ვახტანგ გოილაძემ და ისტორიის დოქტორმა შალვა გლოველმა.