წმ. ექვთიმე ღმრთისკაცის (თაყაიშვილი) თხზულებათა თორმეტტომეულის წარდგენა
- თებერვალი 2, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა წმ. ექვთიმე ღმრთისკაცის (თაყაიშვილი) თხზულებათა თორმეტტომეულის წარდგენა. შესავალი სიტყვით გამოვიდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ნინო წერეთელი, აკადემიკოსები: ვალერი ასათიანი, თამაზ შილაკაძე, ჯაბა სამუშია, პროფესორები: ბუბა კუდავა, ნათელა ვაჩნაძე, ნინო მამარდაშვილი, ბიზნესმენები: ვანო ჩხარტიშვილი და ვახტანგ ვეფხვაძე, აკადემიის წევრები და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.
გამოცემაში შეძლებისდაგვარად წარმოჩინდა დიდი მეცნიერის ცხოვრება და შემოქმედება. თორმეტტომეულს წინ უძღოდა ფართო მასშტაბის კრებულის „დიდი ექვთიმე“ გამოცემა, სადაც ქვეყნის წამყვან მეცნიერთა სტატიები და ასევე, უმნიშვნელოვანესი საარქივო მასალა პირველად დაიბეჭდა. ამ მასალებში რეალურადაა წარმოჩენილი ქვეყნიდან გატანილი განძის საქართველოში დაბრუნების რეალიები და გამოცემა მთლიანად ეძღვნება წმინდა ექვთიმე ღმრთისკაცის განვლილ მოწამეობრივ გზას.
ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებათა თორმეტტომეული, რომლის გამოცემა მეცნიერებათა აკადემიისა და გამომცემლობა „არტანუჯის“ მეშვეობით გახდა შესაძლებელი, დიდი მეცნიერის მრავალმხრივი მოღვაწეობის ყველა ასპექტს წარმოაჩენს. მასში დაბეჭდილია მისი ფუნდამენტური ნაშრომები: წყაროთმცოდნეობაში, არქეოლოგიაში, ეთნოლოგიაში, ხელოვნების ისტორიაში, ეპიგრაფიკასა და დიპლომატიკაში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერა, ასევე, ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის გიორგი შარვაშიძის, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის კახა შენგელიას, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის, მამუკა ხაზარაძისა და აკადემიის უცხოელი წევრის ხოშბახტ ბაგი ოლი იუსუფზადეს ფინანსური თანადგომა.
გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან – პროფესორები: ნათელა ვაჩნაძე, არჩილ კოხრეიძე, ბუბა კუდავა და გოჩა საითიძე, ხოლო მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
სხდომის მიმდინარეობისას გამოითქვა მოსაზრება, რომ გაკეთდეს აღნიშნული გამოცემის ციფრული ვერსია, რათა იგი ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.
ღონისძიების დასარულს, აკადემიკოსმა და კულტურის ფონდის თავმჯდომარემ თამაზ შილაკაძემ მეცნიერებისა და ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში გაწეული ღვაწლისათვის დიდ მეცნიერს, აკადემიკოს როინ მეტრეველს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია გადასცა და მედალიონით დააჯილდოვა.
დიდი ქართველი მეცნიერის ექვთიმე თაყაიშვილის – წმ. ექვთიმე ღმრთისკაცის თხზულებათა თორმეტტომეული კარგი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის.